“კონსტიტუციაში შევა ცვლილება და გაუქმდება მოსამართლეთა უვადოდ არჩევა” – ეკა ბესელიამ 7 პუნქტიანი გეგმა წარადგინა

ეკა ბესელიამ სასამართლო სისტემაში განსახორციელებელი 7 პუნქტიანი გეგმა წარადგინა. დეპუტატი აცხადებს, რომ მომავალ კვირას პარლამენტში კანონპროექტის წარდგენას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის საბჭოს კანდიდატთა სიის დაკომპლექტების შესაძლებლობა არ ექნება. 

ეკა ბესელიას მიერ წარმოდგენილი გეგმის ერთ-ერთი პუნქტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ არჩევის წესდების გაუქმებას გულისხმობს. დეპუტატი ყველა ოპოზიციურ პარტიას წერილობითი მემორანდუმის გაფორმებას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში შევა ცვლილება და მოსამართლეთა უვადოდ არჩევა გაუქმდება.

“ახლა საჭიროა შეჩერდეს პროცესი დამატებით ახალი მოსამართლეების არჩევის, როგორც იუსტიციის საბჭოში, ასევე პარლამენტის იურიდიულ კომიტეტშიც და პარლამენტშიც. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაჩეროს ნორმა, რომელიც გასაჩივრებული აქვს სახალხო დამცველს. ამ ნორმის საფუძველზე ხდება შერჩევა ახალი მოსამართლეების. საბოლოო გადაწყვეტილებამდე ამით ხელი უნდა შეეშალოს იუსტიციის საბჭოსაც და პარლამენტს, რომ ამ საზიანო, არადემოკრატიული, არაკონსტიტუციური პროცედურით არ მოხდეს ახალი კანდიდატების არჩევა,” – განაცხადა ეკა ბესელია.

დამოუკიდებელი დეპუტატის გეგმის მესამე პუნქტი, ასახავს ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის, ევროსაბჭოს მომხსენებლების რეკომენდაციებს. 

“ამ რეკომენდაციების მიზანია, იუსტიციის საბჭოს არ ჰქონდეს ამ კანდიდატთა სიის დაკომპლექტების შესაძლებლობა, რადგან დაწუნებული, ჩავარდნილი კანდიდატების ნაცვლად, ახლა საბჭო დაიწყებს იმ დარჩენილი კანდიდატებიდან მათი პირადი ინტერესებით შერჩეული ადამიანების წარმოდგენას. ამიტომ, საჭიროა კანონში ცვლილების დაუყოვნებლივ შეტანა,” – განაცხადა დეპუტატმა. 

დეპუტატი მიმართავს პარლამენტს, რეზოლუცია, რომელიც უკვე არის დღის წესრიგში “კლანური მმართველობის” შესახებ და კონკრეტულ გეგმას ისახავს, კენჭი უყარონ და გადაწყვეტილება მიიღონ. 

“მეხუთე, უნდა ჩატარდეს კენჭისყრა. კენჭისყრაზეა გაჩერებული იუსტიციის საბჭოს წევრების გამოწვევის საკითხი და ამ საკითხზე პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რითიც საბჭოს აღარ ექნება შესაძლებლობა კვორუმის მობილიზების და მისთვის სასურველი და ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღების.

მეექვსე – ყველა ოპოზიციურ პარტიას ვთავაზობ და დავიწყებ დიალოგს უსწრაფესად ამ საკითხზე, რათა წერილობით გაფორმდეს მემორანდუმი ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერთან, რომელიც ფიქრობს, რომ მისი პარტია იქნება ახალ პარლამენტში წარმოდგენილი და ყველა, ვინც კი შეიძლება იყოს ახალ პარლამენტში, როგორც უკვე პარლამენტის არჩევნების შედეგად შემოსული, გაფორმდეს შეთანხმება, რომლითაც ავიღებთ პასუხისმგებლობას საზოგადოების, ხალხის წინაშე, რომ კონსტიტუციაში შევა ცვლილება და გაუქმდება მოსამართლეთა უვადოდ არჩევა. დადგინდება მოსამართლეთა ვადიანი გამწესების წესი, რაც იმას ნიშნავს, რომ კითხვაზე, რა ვუყოთ იმათ, ვინც უკვე არჩეულია, კონსტიტუციით და კანონის პროცედურებით მოხდება იმ მოსამართლეების სახლში გაშვება, ვინც ვერ აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების და მიუკერძოებლობის, რეპუტაციის ტესტს. ამიტომ აქ გამოსავალი არის კონსტიტუციური ცვლილება, რომელზედაც შეთანხმება ჩვენ ყველამ უნდა ავიღოთ არჩევნების წინ იმისთვის, რომ ეს პირობა შესრულდეს.

მეშვიდე, ამ ცვლილებით მოხდება როგორც უვადო მოსამართლეთა არჩევის წესის გაუქმება და ყველა ვადიანზე გადაყვანა. ხოლო იმ ვადაში, ვისაც უკვე დასრულებული ექნება სამოსამართლეო პრაქტიკა და ეს მოსამართლეები, რომელთაც რეპუტაცია არ აქვთ – წავლენ სახლში და სისტემაში შემოვლენ ახალი მოსამართლეები. შეიცვლება იუსტიციის საბჭოს ფორმირებისა და კენჭისყრის წესი,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი თემები