აღმოჩენილია მავნე ორგანიზმები – თურქეთიდან კარტოფილის იმპორტი აიკრძალა

წელს, თურქეთიდან შემოტანილი კარტოფილის 20 პარტიაში საკარანტინო მავნე ორგანიზმები აღმოაჩინეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ, შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, თურქეთის მხრიდან 49 ტონა სასურსათო კარტოფილი შემოვიდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის ფარგლებში, ეს საქონელი, საკარანტინო მავნე ორგანიზმებზე ლაბორატორიულ კვლევას დაექვემდებარა.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად, 18 შემთხვევაში დადასტურდა კარტოფილის კიბო, ასევე, ოქროსფერი ნემატოდას და მურა სიდამპლის არსებობა.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, 2017 წელს მავნე ორგანიზმები აღმოჩნდა თურქეთიდან შემოტანილ 12 პარტიაში. მათ შორის 7 შემთხვევაში -კარტოფილის ჩრჩილი, 4 შემთხვევაში -კარტოფილის კიბო, ერთი კი რგოლური სიდამპლე იყო.

ყველა სასაქონლო პარტია, სადაც დარღვევა გამოვლინდა, უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში დააბრუნეს.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი კარტოფილი საქართველოში, სწორედ თურქეთიდან შემოდის. 2017 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე, მისი იმპორტის მოცულობამ 21 615 ტონა შეადგინა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მომავალი წლის პირველ ივნისამდე თურქეთიდან კარტოფილის იმპორტი აიკრძალა.

მსგავსი თემები