“ვერ ვხვდები, რა არის მოსალოცი, ეს არის საზოგადოებისთვის ყველაზე საზიანო პროცესი” – ეკა ბესელია

”საზოგადოებისთვის ამაზე საზიანო პროცესი, რაც ხდება, არ ყოფილა და მე ვერ ვხვდები, რა არის აქ მოსალოცი, ან საზეიმო“- ასე უპასუხა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიმდინარე სხდომაზე ანრი ოხანაშვილის გამოსვლას, სადაც დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კენჭისყრა გაიმართება.

ბესელიას თქმით, ასეთი ერთსულოვანი პროტესტი, საზოგადოების ყველა ჯგუფში, სხვა არც ერთ პროცესს არ მოჰყოლია:

„არ ვიცი ვინ რას ულოცავთ ერთმანეთს, მაგრამ მე მგონია, რომ ამაზე მძიმე და საზოგადოებისთვის ამაზე სააზიანო პროცესი, რაც ხდება, აქამდე არ ყოფილა. ვერ ვხვდები, არა არის მოსალოცი, მაშინ, როდესაც ასეთი დიდი და ერთსულოვანი პროტესტია ყველა საზოგადოებრივ ჯგუფში, ყველა იმ ადამიანში, მათ შორის, იმ ადამიანებშიც კი, ვინც „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა. მე არ ვიცი რა არის საზეიმო. როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ირჩევ, ნდობით და სიხარულით უნდა  ხვდებოდეს საზოგადოება, ისეთი კანდიდატები უნდა იყვნენ შერჩეული და ამ დროს, რომ დადოთ წინა ცხრა წელი და შემდეგი შვიდი წელი, ნახავთ, რომ ტოლობის ნიშანია დასმული, იმიტომ რომ 19-დან 16 მოსამართლე კოპირებულია,” – განაცხადა დეპუტატმა.

სხდომის დაწყების წინ, დეპუტატებს ანრი ოხანაშვილმა მიმართა და განაცხადა, რომ:

“თითოეული ჩვენგანი ვართ ისტორიული მოდელის მონაწილე, ძალიან მნიშვნელოვაანია, რომ ჩვენმა გუნდმა შეძლო ისტორიული პროცესის წარმართვა და უზრუნველყო ფართო ჩართულობა დაინტერესებული სუბიექტების. ამ ფორმით არასდროს საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში არ ჩატარებულა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გასაუბრება შესაბამისად, ეს იყო წარმატებული პროცესი და მე ყველას გილოცავთ ამ პროცესში მონაწილეობას”.

მსგავსი თემები