“გამოძიება სერიოზულად მაინც არ წარიმართება” – გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილის გამოკითხვა დასრულდა

„ევროპული საქართველოს“ წევრების, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილის გამოკითხვა შსს-ში, დღეს, აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დასრულდა.

გამოკითხვის შემდეგ, გიგი უგულავამ ინციდენტის დეტალები გაიხსენა.

„თავდასხმა მოხდა ყველაზე დაცულ ზონაში აეროპორტში, უკვე პასპორტის კონტროლის მიღმა. ადამიანები ცოტა იყვნენ. ნაცნობი ქალბატონი იჯდა ჩვენს მაგიდასთან, რომელიც სხვა რეისით მიდიოდა. ვსვამდით ყავას, ვსაუბრობდით აბსოლუტურად განყენებულ თემებზე. ამ დროს მოვიდა ვიღაც მუტრუკი, რომელმაც დაიწყო საუბარი კლასიკური ტექსტებით, რომელსაც ყოველდღე ვისმენთ მათი „ორკებისა“ და „ტიტუშკებისგან“.

ამის შემდეგ, მე ვუთხარი, რომ დაენებებინა თავი, ამასობაში მოვიდა მეორე ტიპი, უკვე კუნთიანი და დაიწყო ჩხუბი. ჩხუბი რამდენიმე წუთი გრძელდებოდა, რის შემდეგაც, ორი წუთის მერე ჩადგა პოლიცია, ისინი წაიყვანეს და მას შემდეგ არც სახელს გვეუბნებიან და არც გვარს.

ბუნებრივია, არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ რაიმე გამოძიება ჩატარდება. პირდაპირ თქვა გამომძიებელმა, რომ არის მსუბუქი დანაშაული და ამის გამო კამერის ჩანაწერის ამოღების უფლება არ აქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ გამოძიება სერიოზულად მაინც არ წარიმართება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ დღეს „ფეისბუქში“ დაწერა, რომ მას და გოკა გაბაშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ.

მსგავსი თემები