„ფრანგულენოვანია ჩვენი პრეზიდენტი, მაგრამ როდესაც მგრძნობიარე თემაზე საუბრობ, საჭიროა, გამართული მეტყველება” – გია აბაშიძე

„ცხადია, ფრანგულენოვანია და ფრანგულად აზროვნებს საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ როდესაც ძალიან მგრძნობიარე თემებზეა საუბარი, საჭიროა გამართული მეტყველების უნარ-ჩვევების გამოვლენა“, – ასე შეაფასა ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას, სალომე ზურაბიშვილის განცხადება, სადაც ის ქართულ ჯარზე საუბრობდა.

ანალიტიკოსის თქმით, არ არის აუცილებელი, პრეზიდენტი თვითონ წერდეს სიტყვას მნიშვნელოვანი გამოსვლისთვის, ამისათვის მას უნდა ჰყავდეს სიტყვის დამწერი:

„არ არის აუცილებელი, რომ პრეზიდენტი ყოველთვის თვითონ წერდეს თავის სიტყვას, მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის. ამისთვის არსებობს სიტყვის დამწერი, ე.წ. სპიჩრაიტერი. იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტის გამოსვლამ არ გამოიწვიოს სხვადასხვა სპეკულაცია, სხვადასხვა ინტერპრეტაცია და ისეც მუდმივად დამმუნათებელი დესტრუქციული ძალა კიდევ უფრო არ გააძლიეროს,“- განაცხადა გია აბაშიძემ.

ანალიტიკოსი თვლის, რომ პრეზიდენტმა სულ სხვა რამ იგულისხმა, თუმცა აზრის სწორად გადმოცემა ენობრივი პრობლემის გამო ვერ შეძლო:

„ცხადია, მან იგულისხმა რომ ჩვენი ქვეყნის კულტურა და ტრადიციები უფრო ძლიერი ძალაა, ანუ ჩვენი „რბილი“ ძალა უფრო ძლიერი მხარეა, ვიდრე ჩვენი ჯარი, მაგრამ როდესაც გაქვს ენობრივი გამოხატულების პრობლემა, უმჯობესია, შენი სიტყვა კარგმა „სპიჩრაიტერმა“ გაასწოროს, რომ არ გახდე ინსიმულაციების საგანი. ბულვარულად ჭორაობენ ხშირად ის პოლიტიკოსები, ვისაც მოეთხოვება პოლიტიკაზე საუბარი და არა მაგალითად, პრეზიდენტის ჩაცმულობაზე, მაგრამ მეორე მხრივ, ასეთ რეჟიმში მყოფი ადამიანის გამოსვლა უნდა იყოს მუდმივად გამართული, მათ შორის, – საჯარო  გამოსვლები,“ – აღნიშნა აბაშიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, განმარტება გააკეთა. საკითხს სოციალური ქსელით გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩასაფრებული პოზიციიდან არის მცდელობა, პრეზიდენტის ყველა ინიციატივა იქნეს დაკნინებული.

მსგავსი თემები