პრემიერ-მინისტრის აპარატში ადამიანის უფლებათა საბჭო იმუშავებს

ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭო პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით, განახლებული სტრუქტურით მომავალ წელს ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებაზე იმუშავებს.  პრიორიტეტებს შორისაა გენდერული თანასწორობა, ბავშვთა უფლებები, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები.

პრემიერ-მინისტრის ადამიანის უფლებათა საბჭოს განახლებული სტრუქტურის პრეზენტაცია, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.

ღონისძიება, რომელსაც საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა გახსნა.

ნათია მეზვრიშვილმა ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე სამინისტროებს შორის კოორდინაციის ნაკლებობას და აღნიშნა, რომ უწყებათაშორისი საბჭოს ახალი სტრუქტურა უპირველეს ყოვლისა კოორდინაციის გაძლიერებაზე იქნება მიმართული.

„ადამიანის უფლებათა საბჭო იქნება მთავრობის მასშტაბით პოლიტიკის განმსაზღვრელი, ყველა უწყების მაკოორდინირებელი მექანიზმი, ვგულისხმობ პირველ რიგში სამინისტროებს. ეს მექანიზმი უზრუნველყოფს მაღალი დონის წარმომადგენლობას, რაც აქამდე პრობლემას წარმოადგენდა და მაგიდის გარშემო ისხდებიან გადაწყვეტილების მიმღები პირები, საუბარია მინისტრებზე, რათა ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული  მნიშვნელოვანი საკითხები მაღალი წარმომადგენლობით გადაწყდეს. რაც მთავარია, ეს იქნება ქმედითი და შედეგზე ორიენტირებული მექანიზმი“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ხშირ შემთხვევაში აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, საბჭოს მუშაობაში უზრუნველყოფილი იქნება არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა.

„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამ პროცესებში უზრუნველყოფილი იყოს ყველა იმ ადამიანის ჩართულობა, იქნება ეს საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი, სამოქალაქო სექტორის, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი, რომლებსაც შეხება აქვთ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობენ და განსხვავებული პერსპექტივიდან უყურებენ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით დგას“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

ადამიანის უფლებათა საბჭოს განახლებული სტრუქტურა გულისხმობს, როგორც ახალ ოთხ პრიორიტეტს, რომელზეც ადამიანის უფლებათა საბჭო 2020 წლის განმავლობაში იმუშავეს ასევე, მუშაობისა დაწყებას ადამიანის უფლების ახალი  სტრატეგიის და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებას, ესენია – გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები, ბავშვთა უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის წარმოება. ამ ოთხი მიმართულებით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა იმისთვის, რომ ადამიანის უფლებათა საბჭომ ეფექტიანად მოახდინოს კოორდინაცია, როგორც სამთავრობო უწყებებს შორის ასევე, სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

მსგავსი თემები