“საპენსიო სააგენტოს” დირექტორი თანამდებობას ტოვებს

„საპენსიო სააგენტოს“ დირექტორმა, ლევან სურგულაძემ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით სამეთვალყურეო საბჭოს განცხადებით მიმართა.

ლევან სურგულაძემ თანამდებობის დატოვების მიზეზი განმარტა და განაცხადა, რომ სხვა გეგმები აქვს, რომელზეც საზოგადოება მოგვიანებით გაიგებს.

“სააგენტო გამართულია და აგრძელებს დაგროვებითი საპენსიო რეფორმის იმპლემენტაციას. ერთი კვირის წინ მივმართე სამეთვალყურეო საბჭოს თხოვნით, რომ ვინაიდან საპენსიო სააგენტო უკვე გამართულად ფუნქციონირებს , ყველა პროცესი დალაგებულია, თუ შესაძლებელი იქნებოდა, რომ მე 16 იანვრიდან დამეტოვებინა თანამდებობა. სამეთვალყურეო საბჭომ უნდა განიხილოს ეს განცხადება და გადაწყვეტილება მიიღოს. რა თქმა უნდა, თუ სამეთვალყურეო საბჭო ჩათვლის, რომ რაღაც პერიოდი კიდევ უნდა დავრჩე თანამდებობაზე, არც ეს იქნება პრობლემა და რეფორმის უპრეცენდენტო მნიშვნელობიდან გამომდინარე მათ დავეთანხმები. მე ყოველთვის გამოწვევებზე ვიყავი ორიენტირებული, ეს გამოწვევა ახლა გადალახულია. მაქვს გეგმები, რომლის შესახებაც მოგვიანებით გაიგებთ,” – განაცხადა ლევან სურგულაძე.

კითხვაზე, დააზიანებს თუ არა რეფორმისადმი ნდობას სააგენტოს დირექტორის მიერ თანამდებობის დატოვება, სურგულაძე აცხადებს, რომ რეფორმამ ნდობა მოიპოვა და ის გუნდის მორალურ მხარდამჭერად რჩება.

“თავიდან გარკვეული კითხვები ისმოდა რეფორმის შესახებ. ჩვენმა გუნდმა ძალიან ბევრი და კარგად იმუშავა და ნდობა მოვიპოვეთ. მჯერა, რეფორმა წარმატებით გაგრძელდება, ყოველ შემთხვევაში, მე ამის შესახებ ყოველთვის ვილოცებ”, – აღნიშნა ლევან სურგულაძემ.

მსგავსი თემები