“ბოიკოტს ვუერთდები, მოსამართლეების დამტკიცებას მხარს არ დავუჭერ” – გია ჟორჟოლიანი

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლის, „სოციალ-დემოკრატი“ გია ჟორჟოლიანის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების დამტკიცებას მხარს არ დაუჭერს.

როგორც გია ჟორჟოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კანდიდატებს შორის, შესაძლოა არიან პირები, რომლებიც არ იყვნენ დაკავშირებული “ნაციონალურ მოძრაობასთან”. დეპუტატის თქმით, კანდიდატების დამტკიცებისას, წყალგამყოფი სწორედ ეს საკითხი იქნება.

“ბოიკოტის თემას ვუერთდებით, თუმცა პარლამენტის ზოგიერთ სხდომაზე მონაწილეობას ვიღებთ გამომდინარე იქიდან, რა საკითხია და ა.შ. მთლიანობაში, მივიჩნევთ, რომ ნორმალურად უნდა იფუნქციონიროს სახელმწიფო უწყებებმა და მათ შორის პარლამენტმაც. დიალოგის პროცესი დაწყებულია და შეიძლება, სადმე მივიდეს. წყალგამყოფია მოსამართლეთა უმრავლესობის პოზიციები და საქმიანობა “ნაც მოძრაობის” დროს. უსამართლო გადაწყვეტილების მიღება და ა.შ. შესაბამისად, ჩვენ, მათ მხარს არ დავუჭერთ. თუმცა, შეიძლება, იქ იყვნენ მოსამართლეები, რომლებიც ამ რეჟიმთან არ იყვნენ დაკავშირებულნი ან, არ იყვნენ უსამართლო გადაწყვეტილებებში მონაწილენი. შესაძლოა, მათი კანდიდატურები განვიხილოთ,” – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში”.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრა იურიდიულ კომიტეტში 11 დეკემბერს გაიმართება.

მსგავსი თემები