შსს-მ თბილისში ბინების გაქურდვის 24 ფაქტი გახსნა – დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით, თბილისში ორი პირი: 1981 წელს დაბადებული ა. კ. და 1984 წელს დაბადებული ა. ტ. დააკავეს.

„სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული დიდ დიღომში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაქურდული რვა ბინიდან მოპარულ ნივთებს ავტომანქანაში ტვირთავდნენ. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო ა. კ.-ს კუთვნილი, „რენჯ როვერის“ მარკის ავტომანქანა და ნაქურდალი ნივთები. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე, ამოღებულია კარის გასაღები ხელსაწყოები.

გამოძიებით დადგინდა, რომ ა.კ-მ და ა.ტ.-მ, ბოლო სამი თვის განმავლობაში, თბილისის სხვადასხვა უბანში 24 ბინა გაქურდეს, მოპარული ნივთების ნაწილს კი თავიანთ საცხოვრებელ სახლებში ინახავდნენ.

სამართალდამცველებმა დაკავებულების სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს, დანარჩენი ნივთების ძებნა – ამოღების მიზნით ტარდება ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები.

ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები