ქართული დიასპორა ორპალატიან პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლის არჩევას ითხოვს და ხელმოწერებს აგროვებს  

  •  

„საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებში, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ქართული დიასპორის ხმა. დღეს, როდესაც, საქართველოს პარლამენტის მოდელის და მისი წევრების არჩევის წესის შესახებ მიმდინარეობს მსჯელობა, უმნიშვნელოვანესია ჩვენი, როგორც საქართველოს ერთიანი საზოგადოების ეკონომიკურად, კულტურულად თუ სხვა მახასიათებლით გამორჩეული ნაწილის ჩართულობა“ – აცხადებს ათენში „ქართველ მიგრანტთა ცენტრის ხელმძღვანელი“ ავთანდილ გიუნელი და კონსტიტუციაში დიასპორის ინტერესების გათვალისწინების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

„მედიაცენტრი მთავარი“ ავთანდილ გიუნელის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს პარლამენტის წევრების ინიციატივა, პარლამენტის ორპალატიანი, ამერიკული სისტემით დაკომპლექტების შესახებ ვფიქრობ არა მხოლოდ მაღალ ხარისხში უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ, პოლიტიკურ განვითარება,ს არამედ ეს სისტემა საშუალებას გვაძლევს რეალურ და საქმიან კომპონენტში ამოქმედდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლიც.

როგორც მოგეხსენებათ საქართველო კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად: ,,სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე”. აღნიშნული საკონსტიტუციო ნორმის იმპლემენტირების პროცესში კი სწორედ დიასპორის ჩართულობას ენიჭება პრინციპული მნიშვნელობა. ორპალატიანი მაჟორიტარული წესით არჩეული პარლამენტის მოდელი კი სწორედ დიასპორის არჩეული წარმომადგენლების არჩევის შესაძლებლობას იძლევა, რომელიც აღნიშნული საკონსტიტუციო ნორმის აღსრულების დონეს გაცილებით მნიშვნელოვან და პრაქტიკულ ხარისხში გადაიტანს და არ დარჩება ეს ჩანაწერი მხოლოდ სიმბოლურ ჩანაწერად.


ვფიქრობ, აუცილებელია ჩვენი – ქართული დიასპორის, ემიგრანტების თუ სხვადასხვა მიზეზით დროებით უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული წარმომადგენელი თუ წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოს სრულუფლებიანი წევრები გახდნენ, ისე როგორც ეს მსოფლიოს 18 ქვეყნის დიასპორას წარმოადგენენ ეროვნულ პარლამენტებში პირდაპირი მაჟორიტარული წესით. თვალსაჩინოებისთვის, ვფიქრობ, საკმარისია დავასახელოთ ისეთი დემოკრატიების მაგალითები როგორც არის : საფრანგეთის პარლამენტის დიასპორის მიერ არჩეული 11 არჩეული წარმომადგენლით; იტალიის პარლამენტი – დიასპორის მიერ არჩეული 12 წარმომადგენლით; პორტუგალიის პარლამენტი – დიასპორის მიერ არჩეული 4 წარმომადგენლით; რუმინეთის პარლამენტი – დიასპორის მიერ არჩეული 6 წარმომადგენლით’ ხორვატიის პარლამენტი – დიასპორის მიერ არჩეული 3 წარმომადგენლით; ტუნისის პარლამენტი – დიასპორის მიერ არჩეული 18 წარმომადგენლით; ეკვადორის პარლამენტი – დიასპორის მიერ არჩეული 6 წარმომადგენლით და ა.შ.


აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ინიციატივის ავტორებმა აუცილებლად უნდა ასახონ ქართული დიასპორის წარმომადგენლის საკითხი, ვინაიდან ეს არის აუცილებელი და ცალსახად უმნიშვნელოვანესი საკითხი უცხოეთში მცხოვრები ემიგრანტების პრობლემების გადაჭრისა და მათი სამართლებრივი დაცვის კუთხით, რის დასტურადაც მზად ვართ, ხელმოწერების შეგროვების პროცესიც დავიწყოთ“ – აცხადებს ავთანდილ გიუნელი. 

მსგავსი თემები