ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ხელისუფლებას მეტ აქტიურობას სთხოვს

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ხელისუფლებას მეტ აქტიურობას სთხოვს, განსაკუთრებით კი საერთაშორისო დონეზე.

ოჯახის წევრები 27-ე დღეა ელოდებიან უკანონოდ დაპატიმრებული ექიმის გათავისუფლებას. მათთვის უცნობია, როდის ჩაინიშნება სასამართლო პროცესი ოკუპირებულ ახალგორში.

“ბოლო ინფორმაცია რაც გვაქვს არის ის, რომ უნდა ჩაინიშნოს სასამართლო პროცესი, თუმცა, როდის მოხდება ეს ჯერჯერობით უცნობია. ამის გაგებას ყოველ დღე ველოდებით. ვიცით, რომ მასთან წითელი ჯვრის ორგანიზაცია შევიდა მოსანახულებლად, მეორე დღეს მას ამანათიც გადასცეს, ეს იყო ყოველდღიური ნივთები: ტანსაცმელი, ჰიგიენური საშუალებები, საჭმელი, რომლის შეტანაც შეიძლებოდა”,- განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილის შვილმა, თათა გაფრინდაშვილმა.

უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლის განცხადებით კი, აღნიშნულ საკითხზე საერთაშორისო ორგანიზაციებმა უფრო მეტად უნდა აიმაღლონ ხმა.

“საერთაშორისო ორგანიზაციებმა უფრო მეტად უნდა ამოიღონ ხმა და განიხილონ ვაჟას შემთხვევა, არა როგორც მხოლოდ საქართველოს მოქალაქის, არამედ, ევროგაერთიანების ქვეყნის მოქალაქის საქმე. ევროსაბჭოში 47 ქვეყანაა, ყველა მათგანმა უნდა აიმაღლოს ხმა და გაათავისუფლონ უკანონო პატიმარი ციხიდან”, – აღნიშნა ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ, თამილა გაფრინდაშვილმა.

სლოვაკეთში, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა დავით ზალკანიანმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე ევროპელ კოლეგებთან დღესაც ისაუბრა.

მსგავსი თემები