“ბავშვმა სკოლიდან მომიტანა თმის ნაწილი, რომელიც მასწავლებელმა ააგლიჯა” – მშობელი პედაგოგს ძალადობაში ადანაშაულებს

ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაში, მოსწავლეს მასწავლებელმა თმა ააგლიჯა. ამის შესახებ ინფორმაციას მოსწავლის მშობელი ცირა ხაბურძანია ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, მესამე კლასელმა ბავშვმა თმა ჩუმად შეინახა, რათა ნივთმტკიცების სახით წარედგინა ოჯახისათვის.

“რვა წლის, მესამე კლასელმა ბავშვმა სკოლიდან მომიტანა თმის ეს ნაწილი, რომელიც მასწავლებელმა ააგლიჯა თავიდან. წარმოიდგინეთ მდგომარეობა იმ პატარასი, რომელმაც თმა ჩუმად შეინახა, რომ ნივთმტკიცების სახით წარედგინა ოჯახისათვის. ბავშვები თვლიან, რომ ჩვენ მათი არ გვესმის. არა ძალადობას სკოლებში. არა ძალადობას პატარების მიმართ. ვაჩვენოთ ბავშვებს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ და არ დავუშვებთ ძალადობას”, – წერს ცირა ხაბურზანია სოციალურ ქსელში.

ცირა ხაბურზანია აპირებს, ოფიციალური წერილით მიმართოს განათლების სამინისტროს, შს სამინისტროსა და სახალხო დამცველს. 

აღნიშნულ ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაცია “მშობლები განათლებისთვის” გამოეხმაურა. ორგანიზაციის დირექტორი, მეგი კავთუაშილი ამბობს, მას არ უკვირს მსგავსი შემთხვევა, რადგან, მისი თქმით, სკოლებში ძალადობა გახშირდა.

“ვრცელდება ფოტო, სადაც ჩანს მოგლეჯილი თმა. ინფორმაციის გამავრცელებელი ამბობს, რომ ეს თმა შვილმა მიუტანა სკოლიდან, იმის დასტურად რომ მასწავლებელმა ამოაგლიჯა. ვიღაცას სჯერა, ვიღაცას – არა. მე გეტყვით, რომ მჯერა! და გეტყვით რატომ. ყველა კვლევა, რაც კი სკოლებში ბოლო დროს ჩატარებული ადასტურებს, რომ ბავშვებზე ძალადობას ხშირი ხასიათი აქვს სასკოლო სივრცეში. ბავშვები ყველა გამოკითხვის დროს ასახელებენ ფაქტებს, რა შეემთხვათ მათ ან მათ თანაკლასელებს სკოლაში. რა ქნან მეტი! იყვირონ, გაფიცვა მოაწყონ?! ბავშვები არიან.

ამის მიუხედავად სახელმწიფოს არ აქვს ქმედითი ბერკეტები შემუშავებული, რომ ნულოვანი ტოლერანტობა გამოუცხადოს ბავშვებზე ძალადობას. სკოლებში მოქმედებს დისციპლინური კომიტეტი, რომელიც დაკომპლექტებულია არაპროფესიონალებით. ბევრ მათგანს კეთილი მიზნებიც რომ ჰქონდეს, არც საქმის განხილვის გამოცდილება აქვთ და არც ბავშვთა უფლებების შესახებ ცოდნა. მივცემ თავს უფლებას და ვიტყვი, ხშირად კომიტეტი მიკერძოებულია და არ გამოაქვს სკოლის თანამშრომლის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. ამის გარდა, ვაი, იმ მშობლების დღეს, ვინც დისციპლინარულ კომიტეტეტს მიმართავს. უპირისპირდება მასწავლებელი და დანარჩენი მშობლები. თავ-ბედის წყევლაა იმ ადამიანების ყოფა, ვინც ბრძოლას არჩევს და არა გაქცევას -სხვა სკოლაში შვილის გადაყვანას.

ამ წუთას არ შემიძლია გამოსავალი შემოგთავაზოთ, მაგრამ ჩვენს ორგანიზაციას უკვე ჰყავს გუნდი, რომელიც საფუძვლიანად სწავლობს ამ საკითხს და ჩვენს მოსაზრებებს მალე გაგაცნობთ. ასე გაგრძელება მართლა არ შეიძლება”, – აცხადებს მეგი კავთუაშვილი.

მსგავსი თემები