მიკროავტობუსის ტარიფი, შესაძლოა, 20-30 თეთრით გაიზარდოს

„თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალური დირექტორის დავით ასანიძის განცხადებით, კომპანია იძულებულია, ტარიფის 20-30 თეთრით გაზარდოს. წინაღმდეგ შემთხვევაში, მიკროავტობუსების პარკი ვერ განახლდება.

დავით ასანიძის თქმით, ტარიფის ზრდის შემთხვევაში მგზავრების გარკვეული რაოდენობა დაიკარგება, თუმცა, კომპანია შეეცდება დარჩენილ მგზავრებს მაღალი დონის მომსახურება გაუწიოს.

“ჩვენი შემოსავალი მხოლოდ ტარიფია, სხვა შემოსავალი არ გვაქვს, თუ ბიზნესს შემოსავალი არ გაეზარდა, ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია. მონდომებული ვართ, რომ ახალი მანქანები შევიძინოთ და მოსახლეობა ავტობუსების რეალურ კონკურენტად აღგვიქვამდეს. ჩვენს მიერ გადაყვანილი მგზავრობის რაოდენობა უტოლდება ავტობუსების მიერ გადაყვანილ რაოდენობას. ფასის ზრდის გარეშე ხარისხის გაუმჯობესება შეუძლებელია. თუ ეჭვს იწვევს რამდენი უნდა იყოს ტარიფი, მართლა გასაზრდელია თუ არა, შესაძლებელია გამოვიყვანოთ მაღალი ავტორიტეტის მქონე უცხოური კომპანია, რომელიც ამის დასკვნას დადებს. მერწმუნეთ, რა ტარიფიც დადგინდება, იმაზე იაფად მოვემსახურებით მგზავრებს. სამწუხაროდ, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ. რეალობა შეიძლება ის დადგეს რომ ერთ დღეს თბილისი მიკროავტობუსის გარეშე დარჩეს. გამოსავალი არის რომ ტარიფი გაიზარდოს 20-30 თეთრით”, – განაცხადა დავით ასანიძემ.

დავით ასანიძის განცხადებით, გაუმართავი მიკროავტობუსების გამო, მძღოლები კომპანიიდან მიდიან. მისი თქმით, მიმდინარე წელს 500-მდე მძღოლმა დატოვა სამსახური.

“ფინანსური პრობლემების გამო 2018 წელს დაგეგმილი ამორტიზებული მიკროავტობუსების ჩანაცვლება ვერ შევძელით, შედეგად კი, ხარისხი გაუარესდა. პრაქტიკულად, დღეს ვართ იმ რეალობის წინაშე, რომ მძღოლების დიდი რაოდენობა მანქანებს ტოვებს და სხვაგან მიდის სამუშაოდ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში 500-მდე მძღოლმა დატოვა კომპანია,” – განაცხადა დავით ასანიძემ

მსგავსი თემები