“40 საათიანი სამუშაო კვირა ყველასთვის” – სოლიდარობის ქსელი აქციას გამართავს 

სოლიდარობის ქსელი – ალტერნატიული პროფკავშირის წევრები, ხვალ, 19 სექტემბერს, 19:00 საათზე, სახელმწიფო კანცელარიასთან აქციას გამართავენ სახელწოდებით, “40 საათიანი სამუშაო კვირა ყველასთვის”.

აქციის ორგანიზატორები პრეზიდენტობის კანდიდატებს მოუწოდებენ, თავიანთი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში წარმოადგინონ შრომის მწყობრი პოლიტიკა, რადგან ამომრჩეველს საშუალება ჰქონდეს, მისთვის რეალურად საინტერესო საკითხებიდან გამომდინარე გააკეთოს არჩევანი.

ასევე, მოითხოვენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ტარიფი 1,5-ჯერ გაიზარდოს, დაწესდეს მინიმალური ხელფასი, რომელიც, მათი თქმით, დღეს რეალურად არ არსებობს და მისი ოდენობა საარსებო მინიმუმს მიუახლოვდეს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს, სოლიდარობის ქსელი – ალტერნატიული პროფკავშირის წევრებმა განაცხადეს, ხვალისთვის დაგეგმილ აქციაზე განხილული იქნება შრომის პოლიტიკის ხარვეზები.

“საქართველოში უხეშად ირღვევა შრომის კოდექსი. იქმნება დაბალხარისხიანი სამუშაო ადგილები გრძელი სამუშაო გრაფიკითა და დაბალი ხელფასით, დასაქმებულებს არ აქვთ გაწეული სამუშაოს შესატყვისი ხელფასი, უწევთ მძიმე პირობებში მუშაობა, ზეგანაკვეთური სამუშაო კი უმეტესად არ უნაზღაურდებათ. მძიმე სამუშაო პირობები და დაბალი ხელფასები განაპირობებს შრომითი მიგრანტების რაოდენობის ზრდასა და დემოგრაფიულ კრიზისს. ქვეყანა ხალხისგან ცარიელდება. მთავრობა კვლავ ბიზნესის მხარეს იჭერას“, – აცხადებს სოლიდარობის ქსელის წარმომადგენელი რევაზ კარანაძე.

მსგავსი თემები