ზაზა თავაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.

აღნიშნული განცხადებით ზაზა თავაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს მიმართა.

“როგორც თქვენთვის ცნობილია, 2019 წლის 22 ნოემბერს მოგმართეთ წერილით (N1-21959/19) რომლითაც მოვითხოვე გარკვეული ვადით გადაგედოთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე არჩევის მიზნით ჩემი კანდიდატურის პარლამენტის პლენალური სხდომისთვის წარდგენა. ხსენებულ განცხადებას საზოგადოებაში მოჰყვა არაერთგვაროვანი რეაქციები. მათ შორის, გაჩნდა კითხვები, ხომ არ იყო ჩემი ქმედებები საზოგადოებრივ განწყობაზე გავლენის მოხდენის და არა მოცემული საკითხის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით დადასტურების მიზნით განხორციელებული. როგორც წინარე წერილში ავღნიშნე, ჩემთვის, როგორც მოქმედი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისათვის, სისხლხორცეულად მნიშვნელოვანია სასამართლო ხელისუფლების უმწიკვლოდ და ობიექტურად ფუნქციონირება და შესაბამისად, ვფიქრობ, ამ მიმართულებით ნებისმიერი, თუნდაც დაუსაბუთებელი კითხვა უნდა იყოს მოხსნილი.

 აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ საკითხის ირგვლივ კითხვის ნიშნების გაფანტვის მიზნით, უარს ვამბობ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსში მონაწილეობაზე. ასევე გაცნობებთ, რომ წინამდებარე წერილი ასევე მატერიალურად ჩაბარდება საქართველოს პარლამენტის კანცელარიას”, – აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზაცნილ მიმართვაში.

მსგავსი თემები