„გვინდა ახალი სისხლი პარლამენტში, პარლამენტის გაახალგაზრდავება“ – დიმიტრი მხეიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე მმართველი გუნდის შეთავაზებას აფასებს და ამბობს, რომ დღეს გაჟღერებული წინადადებით, ოპოზიციას მეტი შესაძლებლობა ეძლევა.

როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, შეთავაზება, კონსტრუქციული ოპოზიციისთვის მისაღები უნდა იყოს.  

„გვინდა ახალი სისხლი პარლამენტში, გვინდა ახალგაზრდები პარლამენტში, გვინდა რომ გაახალგაზრდავდეს პოლიტიკური არეალი და არ გვინდა ისეთი ხალხით იყო დაკომპლექტებული პარლამენტი, რომლებიც შეპყრობილები არ იქნებიან რევანშიზმითა და ჟინის მოგებით. გადავწყვიტეთ დარჩეს შერეული სისტემა, ოღონდაც, მივცეთ ოპოზიცურ პარტიებს საშუალება, რომ თავიანთი კანდიდატები დააყენონ და იმ ოლქში, სადაც ფიქრობენ, რომ მოიგებენ, ჩვენს კანდიდატურას არ დავუპირისპირებთ,“ – განაცხადა დიმიტრი მხეიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

კითხვაზე, მმართველი გუნდი წინასწარ საიდან დაასკვნის, რომ კონკრეტულ უბანში ოპოზიციას აქვს უპირატესობა და ამიტომ საკუთარი მაჟორიტარი არ უნდა დაასახელოს, დეპუტატმა გვიპასუხა: „ ამისთვის წინ გვაქვს ერთი წელი, რომ შესაბამისი კვლევები ჩავატაროთ, შესაბამისი გამოკითხვები ჩავატაროთ და მივიღოთ შედეგები.  ყველამ იცის თავის ძალა. მაგალითად ჩემს ოლქში ვიცი ჩემი ძალა. ჩვენ, ასეთ ოლქებში  მათი კონკურენტები არ ვიქნებით, რომ ვინმე არ თქვას, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა პარლამენტის პრივატიზაცია.

დიმიტრი მხეიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ მაჟორიტარული სისტემის უპირატესობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსახლეობა სწორედ ამ სისტემას უჭერს მხარს.

„პროპორციული სისტემის მიღების შემთხვევაში, ვფიქრობ, ცუდი სიტუაცია იქნებოდა.  მაჟორიტარული სისტემა უფრო სტაბილურობის გარანტიაა. სადაც შეხვედრები გვქონდა მოსახლეობასთან, 100% აღნიშნავს, რომ მათ მაჟორიტარული სისტემა  ვერ დავეთანხმები შეფასებებს, რომ მმართველმა გუნდმა პირობა დაარღვია“ – განაცხადა ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომლითაც 2020 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის გადახედვა არ მოხდება და ის ჩატარდება შერეული სისტემით.

მსგავსი თემები