“მასობრივი შეკრების ადგილებში უწყების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს” – სუს-ი

  •  

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და აქტივისტების განცხადებებს ეხმიანება, იმასთან დაკავშირებით, რომ უწყების თანამშრომლები საპროტესტო აქციებზე იმყოფებოდნენ და მიმდინარე პროცესების ფოტო და ვიდეოგადაღებებს აწარმოებდნენ.

როგორც სუს-ის განცხადებაშია აღნიშნული, ხსენებულ პირებს არ წარუდგენიათ არანაირი მტკიცებულება იმის დამადასტურებლად, რომ კონკრეტულ საპროტესტო აქციებზე მყოფი პირები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან.

სუს-ში განმარტავენ, საპროტესტო აქციებზე ან სხვა მასობრივი შეკრების ადგილებში უწყების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ დანაშაულებთან დაკავშირებით მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების თავიდან ასაცილებლად, კანონით დადგენილი წესით განსაზღვრული უფლებამოსილებების შესასრულებლად (“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11, მე-12 მუხლები), ახორციელებს პრევენციულ და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედებებს, რომლისთვისაც ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იყენებს ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებებს (ამავე კანონის 43-ე მუხლი).

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების პროცესში, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მეოთხე მუხლის შესაბამისად, კანონიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპებით მოქმედებენ“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

მსგავსი თემები