ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი მიმართვას ავრცელებს

ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი მიმართვას ავრცელებს.

დაკავებული ექიმის ახლობლებისთვის სამწუხაროა ის ფაქტი, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ვერ ახერხებს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მონახულებას ცხინვალის ციხეში და მისთვის ამანათის გადაცემას, რომელშიც ძირითადად მედიკამენტებია.

“სამწუხაროდ წითელი ჯვრის საზოგადოება კვლავ ვერ ახერხებს ვაჟა ექიმის მონახულებას და ამანათის გადაცემას.

ორშაბათს, 18 ნოემბერს, დაკავების შემდეგ პირველად წითელი ჯვრის წარმომადგენლები შევიდნენ ცხონვალის ციხეში, მოინახულეს ვაჟა ექიმი და გადასცეს ოჯახის წერილი. მათი ონფომაციით ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პირობებიც ნორმალურია. ვაჟა გაფრინდაშვილმა წითელ ჯვარს გამოატანა ოჯახთან წერილი და მოითხოვა მედიკამენტები.

მეორე დღესვე თბილისის წარმომადგენლებს გადაეცათ ამანათი მაგრამ დღემდე ვერ ხერხდება მისი შეტანა ცხინვალის ციხეში. წითელი ჯვრის ინფორმაციით, სავარაუდოდ, შემდეგი კვირის დასაწყისში მოახერხებენ ვაჟა ექიმის მონახულებას.

ოჯახის დიდი თხოვნაა, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს ვინაიდან ერთადერთი კავშირი ოჯახსა და ვაჟა ექიმს შორის სწორედ წითელი ჯვრის წარმომადგენლობაა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე მე-14 დღეა საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ჰყავთ დატყვევებული. ვაჟა გაფრინდაშვილი მარიონეტული რეჟიმის ბრალს არ აღიარებს.

მსგავსი თემები