შესაძლოა, პარლამენტში 2 ახალი ფრაქცია გაჩნდეს, შეერთდებიან თუ არა „კონსერვატორები“ და თამარ ჩუგოშვილი?!

  •  

„კონსერვატიული პარტიის“ მხრიდან  მმართველი გუნდის დატოვებით, ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვეტორები“ დაიშალა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ და პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ისინი ფრაქციის შექმნას გეგმავენ, თუმცა, აქვთ კრიტერიუმები, რომელსაც მისი წევრი დეპუტატები უნდა აკმაყოფილებდნენ.

„გადაწყვეტილება, როგორი იქნება ჩვენი შემდგომი გეგმები, უნდა მიიღოს „კონსერვატიულმა პარტიამ“. პარტია ამ გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებს, როდესაც ის შეიკრიბება. პოლიტიკური პარტია “კოსერვატორები” რომელიც უკვე 8 წელია ქართულ ოცნებასთან ერთად თანამშრომლობს, მიიღებს თავის გადაწყვეტილებას თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას მან პოლიტიკურ ცხოვრებაში. რაც შეეხება ფრაქციას, ჩვენ ვართ სამი ადამიანი. ახალი ფრაქციის შესაქმნელად არის საჭირო კიდევ სამი ადამიანი. ვფიქრობ ეს არის არამარტო ჩვენზე დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, რა რესურსი პარლამენტში, რომ კონსერვატიული შეხედულების სამი ადამიანი მოვიძიოთ“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა “მედიაცენტრ მთავარში” და ის კრიტერიუმებიც ჩამოთვალა, რასაც ფრაქციის წევრები უნდა იზიარებდნენ.

„ჩემთვის ღირებულებითი თანხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია ფრაქციის შესაქმნელად.  თამარ ჩუგოშვილმაც გააკეთა განცხადება, რომ ისინი მუშაობენ ფრაქციის შესაქმნელად. მინდა, რომ წარმატება ვუსურვო ამ საქმეში. მე ვამბობ, თუ შეიქმნება ფრაქცია, პირობითად ვამბობ თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ჩვენ ვიფიქრებთ იმაზე, რომ „კონსერვატიული ფრაქციაც“ ჩამოყალიბდეს პარლამენტში. ეს არის პოლიტიკური მნიშვნელოვანი ბერკეტი. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობიდან წავედით, პოლიტიკიდან არ წავსულვართ და არც წასვლას ვაპირებთ. ჩვენთვის მნიშვნელეოვანია, რომ ადამიანები რომლებთან ერთადაც შევქმნით ფრაქციას, იყვნენ ჩვენივე პოზიციის მქონენი. მაგალითად, არ უჭერდნენ მხარს ერთნაირ სქესიანთა ქორწინებას; არ იყვნენ მარიხუანას ლეგალიზაციის მომხრეები; იყვნენ ოჯახის  და იმ ღირებულებების დამნახავები, როგორც დღეს ჩვენი კონსერვატიული პარტიის ღირებულებებში აისახება. ამიტომ, ეს არის ჩვენთვის ფილტრი“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.   

მსგავსი თემები