„რა უნდა ექნა ახლა ივანიშვილს დეპუტატებისთვის –  დაეჭირა მათი ოჯახის წევრები, ტერორი მოეწყო მათზე თუ?“ – ანალიტიკოსი

ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, როცა მმართველ გუნდი საერთაშორისო პარტნიორებს პროპორციული სისტემის დამტკიცებაში არწმუნებდა, ერთი დათქმაც უნდა გაეკეთებინა. ასეთ შემთხვევაში, პარტნიორებთან ნაკლებად შერცხვებოდა და საერთაშორისო იმიჯიც ნაკლებად შეელახებოდა.

„პარლამენტში მყოფი მაჟორიტარების უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებით, გაჯიუტებითა და გაჯიქებით, მივიღეთ ძალიან არასასურველი შედეგი. სახეზეა საერთო სახალხო გაღიზიანება, იმედგაცრუება და უცხოეთში, ჩვენი პარტნიორების შეშფოთება. კარგი იქნებოდა, თავის დროზე, როდესაც ეს ინიციატივა გადიოდა, მმართველ პარტიას ასეთი დათქმაც გაეკეთებინა, რომ, შესაძლოა. ამ ინიციატივის გატანა გაჭირდეს, რადგან გვყავს ასეთი მაჟორიტარი დეპუტატების კოხორტა“ – განაცხადა ანალიტიკოსმა „მედიაცენტრ მთავარში“.

ის არ იზიარებს შეფასებებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნა დადგმული სცენარი იყო.

„ისმის კითხვა, რომ ეს იყო ივანიშვილის საიდუმლო გეგმა და კონსპირაციული თეორიები? მე, პირადად, ამ თეორიას არ ვიზიარებ. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდი რომ ყოფილიყო, კი ბატონო. მაშინ ხორციელდებოდა მორალური სამართლებრივი, ფინანსური ტერორი ნებისმიერ მოქალაქეზე თუ გაჯიუტებულ თანაგუნდელზე. რა უნდა ექნა ახლა ივანიშვილს დეპუტატებისთვის –  დაეჭირა მათი ოჯახის წევრები, ტერორი მოეწყო მათზე, ფიზიკური ზეწოლა თუ რა? ფაქტია, რომ მმართველმა გუნდმა, შიგნით ვერ გვანახა, რომ შიდა კოორდინაცია და ერთსულოვნება აქვთ. ამიტომაც. ვერ შეძლეს მათი დროულად გადარწმუნება“ – განაცხადა გია აბაშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ ის პროცესები, რაც პარლამენტში განვითარდა, დადგმული სპექტაკლი არ ყოფილა.

„ვფიქრობ, იქ იყო თვალთმაქცური ქმედებებიც დეპუტატების მხრიდან, რომლებიც უტიფრად მონაწილეობდნენ მხარდამჭერ განხილვებში და შემდეგ. უტიფრად ხმა არ მისცეს კანონპროექტს. ვფიქრობ, რომ ეს არ იყო დადგმული სპექტაკლი. არ ვიზიარებ ან კონსპირაციულ თეორიებს. ვფიქრობ. მმართველ გუნდს არ ეყო რესურსი გადაერწმუნებინა გაჯიუტებული, გაჯიქებული, დინასტიური ზოგიერთი მაჟორიტარი დეპუტატი“ – განაცხადა გია აბაშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები