„დარწმუნებული ვარ, მთავარი პოლიტიკური ორგანო შეძლებს ფუნქციონირებას“ – გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანომ ფუნქციონირება უნდა შეძლოს და პროცესები კონსტიტუციის ფარგლებს არ უნდა გასცდეს.

როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებიც სწორედ ამას ადასტურებს.

„იცით, რომ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, განცხადებები გაკეთდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. აშშ საელჩო განცხადება, ევროკავშირის ელჩის განცხადება, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის განცხადება ერთმანეთის იდენტურია. ისინი ყველას, სამოქალაქო საზოგადოებას, ხელისუფლებას, ოპოზიციას მოუწოდებენ და ამბობენ, რომ გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვანია და დაცული უნდა იყოს, მაგრამ, მეორე მხრივ, ის რომ მთავარ პოლიტიკურ ორგანოს მუშაობას ხელი შეეშალოს, ეს დაუშვებელი, დაგმობილი და მიუღებელი. პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ ჯერი ახლა  ოპოზიციაზეა. უფრო სწორედ, სამწუხაროდ, იმ ძალაზე, რომელსაც სურს, პროცესები საკუთარ თავზე აიღოს“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

მისივე შეფასებით, მთავარმა პოლიტიკურმა ორგანომ უნდა შეძლოს ფუნქციონირება. გურამ მაჭარაშვილმა, „მედიაცენტრ მთავარში“ ვადამდელ არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი საფუძველი არ არსებობს.

„ამ ეტაპზე, მე ვერ ვხედავ ვადამდელი არჩევნების საფუძველს. გამომდინარე იქიდან, არჩევნებამდე მცირე დროა, ყველა უნდა მოემზადოს.  ჩვენ ასევე განსახილველ და დასამტკიცებელი გვაქვს ბიუჯეტი, რაც ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები