„არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე ცდილობდნენ დარწმუნებას, რომ არ გადამედგა ეს ნაბიჯი“ – მარიამ ჯაში

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, მარიამ ჯაში, რომელმაც პოლიტიკური თანამდებობა და საპარლამენტო უმრავლესობა გუშინ დატოვა, აცხადებს, რომ უმრავლესობის ლიდერები მის გადარწმუნებას ცდილობდნენ.

„გუშინ, სანამ კონსულტაციებს გავდიოდი, არჩილ თალაკვაძეც, ირაკლი კობახიძეც და ჩემი მეგობრები და კოლეგები ცდილობდნენ დარწმუნებას, რომ არ გადამედგა ეს ნაბიჯი, მაგრამ სწორედ იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ მიღებული გადაწყვეტილება იყო არალოგიკური,   რეალურად, საზოგადოების ნდობა შეარყია. ეს იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი.  ფიზიკურად, ვერ ვხედავდი შესაძლებლობას, რომ გამეგრძელებინა უმრავლესობის რიგებში საქმიანობა“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, რამდენიმე დეპუტატის პოზიცია მისთვის ცნობილი იყო და ყველამ იცოდა, რომ ათამდე დეპუტატს, პროპორციულ სისტემასთან გადასვლაზე კითხვები ჰქონდა, თუმცა, დანარჩენების პოზიცია გაუგებარი აღმოჩნდა.  

„ყველა კითხვას აქვს არსებობის უფლება. მინდა შევინარჩუნო გარკვეული პრინციპი, ვიყავი გუნდის წევრი და არ მინდა, დღეს, ჩემი გუნდელების ღია კრიტიკა დავიწყო“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მსგავსი თემები