მედიკოსები ოკუპირებული რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის გათავისუფლებას ითხოვენ

  •  

მედიკოსთა საზოგადოება ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

მედიკოსებმა ერთობლივი განცხადება სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში გააკეთეს და ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს.

„მედიცინა საზღვრების გარეშე არსებობს. ჩვენ ვალდებულები ვართ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოვუტანოთ ნუგეში. ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებისთვის. ადამიანს, რომელიც ციხეში ზის, კანონი არ დაურღვევია“, –  განაცხადა ორთოპედთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან ნაჭყებიამ.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას გამოეხმაურა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მის სისტემაში შემავალი თითოეული ექიმის უსაფრთხოება.

სამინისტრო ყველა შესაძლო აქტიურ ღონისძიებას მიმართავს, რათა უკანონო პატიმრობიდან უმოკლეს ვადებში გათავისუფლდეს რამდენიმე დღის წინ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გატაცებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.

სამინისტრო ინტენსიურ კომუნიკაციას აწარმოებს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის წითელ ჯვართან.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს, მომხდარ უკანონობას მოჰყვება ადეკვატური რეაგირება და ვაჟა გაფრინდაშვილი უმოკლეს დროში გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი თემები