ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად ლევან იზორია დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს, ლევან იზორიას დაეკისრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინსტრაცია ავრცელებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, უსაფრთხოების მიმართულებით კოორდინირებული მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

“ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი ფუნქცია, განსაკუთრებით კოორდინაციის ნაწილში. დღეს ამ ქვეყნის უსაფრთხოება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. სხვანაირად ვერ განვავითარებთ ვერც ეკონომიკას, ვერც ტურიზმს, ვერც განათლებას,  ვერც კულტურას და საერთოდ, ქვეყნის ხვალინდელ დღეზე მსჯელობა იქნება საკმაოდ პირობითი. ამიტომ, უსაფრთხოების მიმართულებით კოორდინირებული მუშაობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სხდომაზე უსაფრთხოების ჭრილში ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კრიტიკული ინფრასტრუქტურის საკითხს და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ გამოწვევებს.

პრემიერის თქმით, საქართველოს უსაფრთხოების ნომერ პირველი გამოწვევა ოკუპაციაა და ის განსაკუთრებით კრიტიკული და მტკივნეულია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეებისთვის.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს გამოწვევა უაღრესად კრიტიკული და მტკივნეულია თითოეული მოქალაქისთვის,  განსაკუთრებით, მათთვის, ვინც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ორივე მხარეს ცხოვრობს.

მსგავსი თემები