“სეს-ის განცხადება სალმონელაზე უსაფუძვლოდ ლახავს კომპანიის რეპუტაციას” – “ბიუ-ბიუ”

კომპანია „ბიუ-ბიუ“ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მათ მიერ წარმოებულ ქათმის ხორცში სალმონელას აღმოჩენასთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადებით ეხმაურება.

„გვინდა გამოვეხმაუროთ სურსათის ეროვნული სააგენტოს გუშინ საღამოს გაკეთებულ განცხადებას. უპირველეს ყოვლისა გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ კომპანია სრულ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ წარმოებულ პროდუქციაზე და მის ხარისხზე.

ჩვენ ყოველთვიურად ვაწარმოებთ 1200 ტონა ხორცს და შესაბამისად, ჩვენს პროდუქციას ყოველდღიურად მოიხმარს ასი ათასობით ადამიანი. თითოეულ წარმოებულ პარტიაზე ჩვენ ვაკეთებთ ლაბორატორიულ კვლევას და აღნიშნულით კიდევ ერთხელ ვუზრუნველყოფთ წარმოებული პროდუქციის უვნებლობას და ხარისხის კონტროლს.

რაც შეეხება მოწამვლას, რომელიც მოხდა თბილისის ერთ-ერთ რესტორანში, ჩვენი ინფორმაციით 11 მოწამლული ადამიანიდან მხოლოდ 2 ადამიანს დაუდგინდა სალმონელა. აღსანიშნავია, რომ სალმონელა არის 2000-ზე მეტი შტამის, ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა და საკანონმდებლო შეზღუდვაც ხდება მხოლოდ 2 ტიპის სალმონელაზე Typhimurium და Enteritidis (B და D ჯგუფი), რომლის წინააღმდეგაც ჩვენ ქათამს ვცრით. ამავდროულად ხაზგასასმელია ისიც, რომ თერმული დამუშავების დროს ამ ორი ტიპის სალმონელას გაუვნებლობაც ხდება. ჩვენ როგორც ყოველთვის ამ შემთხვევაშიც სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და მათთან შეთანხმებით ამ საკითხის მიკვლევადობის მიზნით უნდა მომხდარიყო სალმონელას ტიპიზაცია ლუგარის ლაბორატორიაში. თუმცა სამწუხაროდ, ტიპიზაციის შედეგების გარეშე გუშინ საღამოს მოხდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განცხადების გაკეთება, რომელიც უსაფუძვლოდ ახდენს კომპანიის რეპუტაციის შელახვას“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

ცნობისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „ბიუ-ბიუს“ წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა აღმოაჩინეს.

მსგავსი თემები