“ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ნატოსა და ევროკავშირთან პარტნიორობა დღეს იმაზე მეტს ნიშნავს ჩვენთვის, ვიდრე ოდესმე” – არჩილ თალაკვაძე

  •  

“მსურს, გადმოგცეთ გზავნილი, რომელიც შესაძლოა უკვე არაერთხელ გსმენიათ, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა მკაფიოდ გავიმეორო – საქართველო არის ორიენტირებული მომავალზე, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობას და საერთო ღირებულებებს ეფუძნება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ ყურადღება ქვეყნის უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისა და კონგრესის წევრებს, ასევე, პირადად კონგრესმენ ადამ კინზინგერს საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიცირებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ნატოსა და ევროკავშირთან პარტნიორობა დღეს იმაზე მეტს ნიშნავს ჩვენთვის, ვიდრე ოდესმე, იმისათვის, რომ გავიაროთ ის სწორი გზა, რომელსაც ვადგავართ, უზრუნველყოთ მშვიდობიანი განვითარება, თანამშრომლობა და პროგრესი. იმის ფონზე, რომ მსოფლიო სულ უფრო და უფრო რთული ხდება და საფრთხეები იზრდება, მეკავშირეები მუდმივად ერთმანეთის გვერდით უნდა იდგნენ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს თავისი წვლილის შეტანას გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და განაგრძობს საკუთარი დემოკრატიის გაძლიერებას. მისივე თქმით, დასახული მიზნებისკენ სწრაფვას ადასტურებს ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული რეფორმები და გადადგმული პრაქტიკული ნაბიჯები.

მსგავსი თემები