ერაყელმა მამაკაცებმა ამერიკული ფილმები რომ ნახეს, ჩადრიანი ცოლები არ უნდოდათ – რას ამბობს ეკლესია გეი დრამის პრემიერაზე?!

  •  

„ეკლესია სადარაჯოზე უნდა იყოს, საზოგადოების გვერდით“ – ასეთია დეკანოზ ლონგინოზ სუარიშვილის შეფასება სასიყვარულო გეი დრამის პრემიერასთან დაკავშირებით, რომელსაც საზოგადების ერთი ნაწილი აპროტესტებს.

ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“  სიუჟეტი ახალგაზრდა მოცეკვავეს ეხება, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც მას ამბიციური მეტოქე შეუყვარდება. „ქართული მარში“ და საზოგადოების გარკვეული ჯგუფები კი  სამოციქულო ეკლესიას მიმართავენ და მოუწოდებენ, ყველაფერი გააკეთონ „გეი პროპაგანდისტული ფილმის“  ჩვენების ჩასაშლელად.

„მედიაცენტრი მთავარი“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეკანოზს ესაუბრა. როგორც სასულიერო პირმა აღნიშნა,  ეს მხოლოდ ეკლესიის სატკივარი არ არის.

„ეკლესია, როცა ხმას იღებს, ამას ხშირად ისეთი შეფასება ეძლევა, თითქოს მარტო ეკლესიისთვის წარმოადგენს ესა თუ ის თემა პრობლემას.  რომ ავიღოთ განსხვავებული ორიენტაციის მქონდე ადამიანების ცხოვრების წესი, მუსულმანი იქნება თუ იუდეველი, ეს   ყველასთვის მიუღებელია. არსებობს ისეთი ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, რაც არ შეიძლება მხოლოდ ეკლესიის მორალს მივაწეროთ, თითქოს მარტო ეკლესია ხედავს ამაში პრობლემას.  მაგრამ, არის ისეთი ეთიკური დარღვევები, რაზეც შეიძლება საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა აღიმაღლოს ხმა, ან არასამთავრობო ორგანოებმა და არაა აუცილებელი, ყოველთვის ეკლესია გამოდიოდეს“ – განუცხადა დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავარს“.

როგორც სასულიერო პირმა აღნიშნა, ეკლესია სადარაჯოზე უნდა იყოს, საზოგადოების გვერდით, რადგან საზოგადოებისგან მოდის ამ თემაზე  პროტესტი.

დეკანოზი ერთ შემთხვევას იხსენებს, ერაყში როგორ შეიტანეს ამერიკული ფილმები და ამბობს, რომ მსგავსი ფილმების ჩვენებით რევოლუციას ჯერ ცნობიერებაში ახდენენ.

„კავკასიურ და ზოგადად, აზიური ქვეყნებში ტემპერამენტიანი ხალხი ცხოვრობს.  ჩვენთან სხვანაირი კულტურაა. თავი გავანებოთ ქრისტიანულ ეთიკას. დასავლეთი იქნება თუ აზია, მნიშვნელობა არ აქვს, ყველგან მიუღებელია მსგავსი თემის პროპაგანდა. ყოფითი ცხოვრებით რომ შევხედოთ, სანამ ერაყში ომი დაიწყებოდა, ამერიკული ფილმები შეიტანეს, სადაც შიშველი მსახიობები თამაშობდნენ. ამან ერაყელ მამაკეცებში, რომლებსაც ცოლები ჩადრებით დაჰყავდათ, გარკვეული ცვლილება გამოიწვია.  ტელევიზორში ლამაზ ქალს რომ ხედავდნენ,  სახლში ჩადრიანი ქალის დანახვა არ უნდოდათ. ანუ, ჯერ ცნობიერებაში მოხდა რევოლუცია და შემდეგ ამას მოჰყვა ერთგვარი გადატრიალება. ვფიქრობ, ყველა ქვეყანას, კუთხეს, აქვს თავისი ისტორიული ეთიკური ტრადიციები და მსოფლმხედველობა. მისი ხელყოფა და დისკრედიტაცია არ შეიძლება“ – განაცხადა დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავარში“.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი  ანდრია ჯაღმაიძე კი ფიქრობს, რომ აღნიშნული ფილმის ჩვენების გამო, ეკლესიიის წინააღმდეგ კვლავ ისტერია ისევ დაიწყება.

„ეკლესია გამოთქვამს ძალიან დიდ პროტესტს. ეს, ალბათ, გახდება მიზეზი ეკლესიაზე ახალი შეტევებისა“ – აღნიშნა დეკანოზმა.

შეგახსენებთ, რომ ფილმის პრემიერა საქართველოში 8 ნოემბერს იმართება.  გარკვეული ჯგუფები კინოთეატრების ბლოკირებას გეგმავენ. შსს-ში კი აცხადებენ, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.

მსგავსი თემები