მეუფე პეტრე შიომღვიმის მონასტერში წასვლას არ აპირებს

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა აცხადებს, რომ შიომღვიმის მონასტერში წასვლას არ აპირებს.

მეუფე ითხოვს, ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში განაწესონ.

​„შიომღვიმეში არ წავალ. მე თავად გადავწყვეტ, სად წავალ. შეთანხმებულად მოხდება, თუ მოხდება. შიომღვიმის მონასტერში არ ვაპირებ წასვლას. ვითხოვე, რომ ერთ-ერთი მონასტერი დამითმონ, სადაც ვიქნები, რამდენიმე დედათა მონასტერი დააარსეს და მონაზონთან ერთად. დაველოდებით პასუხს თუ არადა, დაველოდები გადაწყვეტილებას, თუ სად ვიქნები დამოუკიდებლად. ჩემი არჩევანი და თხოვნა არის ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერი.

მარტივად დავთმე გუშინაც ეს ყველაფერი, შეფასებაზე იგივე აზრზე ვრჩები, მაგრამ გადაბარებაზე პრობლემა რომ მქონოდა, გუშინაც წავიდოდი კომპრომისზე“, – განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან პეტრე ცაავას გათავისუფლების ბრძანება ოფიციალურად გამოსცა.

საპატრიარქომ გამოაქვეყნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დღეს, 1 ნოემბერს, ხელმოწერილი ბრძანება:

„ამა წლის 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით, მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) გათავისუფლდა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან და წმინდა სინოდის წევრობიდან და განმწესდა მონასტერში. მონასტრის ადგილად განესაზღვროს შიომღვიმე“.

მსგავსი თემები