„მეუფე პეტრე იყო გამორჩეული მღვდელმთავარი…სამწუხაროა მისი ამგვარი ცვლილება“ – უწმინდესი

სინოდის დღევანდელ სხდომაზე, საქართველოს პატრიარქმა მეუფე პეტრეს ქმედებების გამო სინანული გამოთქვა და გაიხსნეა, თუ როგორი გამორჩეული მღვდელმთავარი იყო ის. როგორც პატრიარქმა ბრძანა,  მეტად სამწუხაროა მისი ამგვარი ცვლილება.

„მედიაცენტრი მთავარი“, ჭყონდიდელ მიტროპოლიტთან დაკავშირებით სინოდის დღევანდელ გადაწყვეტილებას უცვლელად გთავაზობთ.

„მღვდელმთავრებმა იმსჯელეს მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) მიერ, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისა და წმინდა სინოდის მიმართ საჯაროდ არაერთგზის გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების თაობაზე.

წმინდა სინოდის წევრებმა აღნიშნეს, რომ  ეკლესიის ისტორიაში ჩვენ ვერ ვნახავთ პატრიარქის შეურაცხყოფის მსგავს მაგალითს. უწმიდნესმა ბრძანა, რომ მეუფე პეტრე იყო გამორჩეული მღვდელმთავარი, იგი იყო ახალშექმნილი ხევის პირველი ეპისკოპოსი და მეტად სამწუხაროა მისი ამგვარი ცვლილება.

წმინდა სინოდის მღვდელმთავრებმა კათოლიკოს-პატრიარქის არაერთგზის შეურაცხყოფის, დაუსაბუთებელი ბრალდებების, ხშირ შემთხვევაში ცილისწამებებისა და სხვა კანონიკური დარღვევების გამო, ერთხმად მოუწოდეს მეუფე პეტრეს სინანულისაკენ.

მიტროპოლიტმა პეტრემ არ სცნო თავი დამნაშავედ და არ დაეთანხმა სინოდის მოწოდებას მონანიების თაობაზე.

წმინდა სინოდმა განაჩინა:

მიტროპოლიტ პეტრეს, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე (სადაც ნათქვამია, რომ მკაცრად ისჯება სასულიერო დასის წევრი (კლერიკოსი),[1] რომელიც შეურაცხყოფს საკუთარ ეპისკოპოსს) აეკრძალოს მღვდელმოქმედება, განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან და გამწესებულ იქნას მონასტერში მოსანანიებლად.

ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დაინიშნოს ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია).

ქუთაისისა და გაენათის ეპარქიაში მღვდელმთავრის დანიშვნის შესახებ.

წმინდა სინოდმა მოისმინა ქუთაისისა და გაენათის ეპარქიაში მღვდელმთავრის დანიშვნის საკითხი და განაჩინა:

ქუთაისისა და გაენათის ეპარქიის მღვდელმთავრად დაინიშნოს მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი).

რუსთავის ეპარქია დროებით დაექვემდებაროს მცხეთა- თბილისის ეპარქიას.

[1] ცნობილი სერბი კანონისტის, ნიკოდიმოს მილაშის განმარტებით (ტრულის კრების  77-ე კანონზე დართულ კომენტარში), კლირიკოსში (κλήρος) მოიაზრება,  როგორც სამღვდელო დასი; ანუ ეპისკოპოსი, მღვდელი და დიაკონი; ისე დაბალი რანგის ეკლესიის მსახურნი: იპოდიაკონი, მედავითნე, მგალობელი და სხვა. (იხ. ნიკოდიმოს მილაში ,,მსოფლიო კრებათა კანონების განმარტება)“ – ვკითხულობთ განჩინებში.

მსგავსი თემები