„არასდროს მიფიქრია ვინმეს დასჯა“ – კათოლიკოს პატრიარქი სინოდის სხდომაზე

წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომა გახსნა და მღვდელმთავრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ. უწმინდესმა ბრძანა, რომ სინოდის წელიწადში ორჯერ შეკრება საკმარისი არ არის.  

,,ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, როგორც ეკლესიაში, ასევე ქვეყანაში მშვიდობის დამკვიდრებისათვის. ჩვენ არ უნდა მივცეთ საბაბი საზოგადოებას დაბრკოლდეს ეკლესიისა და სარწმუნოების მიმართ.

დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, არა იმისათვის რომ ვინმე დავსაჯოთ, არამედ იმისათვის რომ დავეხმაროთ ერთმანეთს. ჩვენ კი არ უნდა დავუმძიმოთ ერთმანეთს ტვირთი, არამედ უნდა შევუმსუბუქოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არაერთხელ დაუმძიმებიათ ჯვარი, მე არასოდეს მიფიქრია ვინმეს დასჯა. მე მუდამ მხოლოდ თქვენს დახმარებაზე ვფიქრობ.

მე აღვიზარდე ისეთ ოჯახში სადაც მუდამ იყო დიდი კრძალვა ღვთისადმი და თანაგრძნობა მოყვასისადმი. ჩვენი ოჯახი არაერთხელ იფარავდა დევნილ სამღვდელოებას.

დღეს რთული დროა. ჩვენ უნდა გავიაროთ ბეწვის ხიდზე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერი არ დაბრკოლდეს, ჩვენი ქცევისა და გამოსვლების გამო. ყოველ მღვდელმთავარს აქვს დადებული ფიცი ღვთისა და პატრიარქის წინაშე ერთგულებისა და ამ ფიცის დარღვევის შემთხვევაში, იგი დიდ ცოდვას იდებს საკუთარ თავზე.

დროის სირთულიდან გამომდინარე არ არის საკმარისი სინოდის წელიწადში ორჯერ მოწვევა. სინოდი უნდა იქნას მოწვეული უფრო ხშირად, ყოველი პრობლემის შემთხვევაში.

ერთერთი ასეთი პრობლემა არის დეკანოზ გიორგი მამალაძის  საკითხი. ჩვენმა სიყვარულმა უნდა დაფაროს უარყოფითი მხარე, რაც მან გამოიჩინა“ – ბრძანა საქართველოს პატრიარქმა.

მსგავსი თემები