“გამოვიდეთ და დავდგეთ ერთად” – ხვალ აზარტული თამაშების წინააღმდეგ აქცია გაიმართება

ხვალ, 1 ნოემბერს, 19:00 საათზე კამპანია “აზარტული თამაშების წინააღმდეგ” მთავრობის კანცელარიის წინ აქციას გამართავს. აქცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის ორგანიზებით ტარდება.

როგორც “მედიაცენტრ მთავარისთის” გახდა ცნობილი, აქციაზე გაჟღერდება კონკრეტული მოთხოვნები – ხელისუფლების მხრიდან გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით.

“როცა ადმიანი თავისი რესურსებით უძლურია ასეთი პრობლემების დროს, ამ შემთხვევაში სახელმწიფო უნდა ჩაერთოს და დაეხმაროს. არის კანონი ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ, მაგრამ იქ გაწერილი მინიმალური საჭიროების ნორმებიც რეალურად არ სრულდება. ის ქმედითი ნაბიჯები, რაც ჩვენს სახელმწიფოს უნდა გადაედგა, არ დგამს ხალხის აქტიურობის გარეშე. მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, იმ ადამიანებს, ვინც აზარტულ თამაშებზეა დამოკიდებული. ჩვენ რეალურად დასაკარგი აღარაფერი გვაქვს, ყველამ ერთად მოვთხოვოთ სახელმწიფოს კატეგორიულად, რომ ბოლოს და ბოლოს ქმედითი ნაბიჯები გადადგას. დღეს თითქმის ყოველ მეორე ოჯახში დგას ეს პრობლემა. უნდა გამოვიდეთ და დავდგეთ ერთად”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები