სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის, მიმდინარე წელს 152 პირი დააკავეს

2019 წლის 9 თვეში, სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის პასუხისგებაში მიეცა 152 პირი დააკავეს, რომელთაგან 114 პირი მხილებულ იქნა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაულში, ხოლო დანარჩენი 38 პირი – სრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის ქმედებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის, ნინო ცაციაშვილის განცხადებით, შსს შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებასა და მათთვის გარკვეული უფლებების ჩამორთმევას ითვალისწინებს. მაგალითად, სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდგომ, დანაშაულის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში მუშაობა და ა.შ.

“შეიქმნება სქესობრივი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა, რომლის მიზანი იქნება სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა კონტროლი და მათი მხრიდან მოსალოდნელი სექსუალური ძალადობისგან არასრულწლოვნების დაცვა. აღნიშნულ პროექტს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი,” – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა ბრიფინგზე. 

ნინო ცაციაშვილის განმარტებით, სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური. მისი თქმით, კოორდინატორები პრიორიტეტულად მუშაობენ სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლ არასრულწლოვნებთან და ეხმარებიან დანაშაულის შედეგად გამოწვეული პირველადი სტრესის გამკლავებასა და შესაბამისი სერვისებით სარგებლობაში.

გარყვნილი ქმედების ფაქტებზე შეტყობინების ინიციატორები არიან:

• ოჯახის წევრი/მშობელი – 53%

• დაზარალებული ბავშვი – 8%

• სოციალური მომსახურების სააგენტო – 6%

• მანდატურის სამსახური – 6%

• სკოლა – 4%

• მეზობელი – 3%

• ბავშვზე ზრუნვის ინსტიტუციები – 1%

• არასამთავრობო ორგანიზაცია – 1%

• სხვა – 18%

ნინო ცაციაშვილი მშობლებს და ყველა იმ პირს, ვისთვისაც ცნობილი ხდება არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სქესობრივი დანაშაულის შესახებ, მოუწოდებს დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას, რათა მოხდეს დანაშაულზე დროული რეაგირება და თავიდან იქნას აცილებული დამნაშავეთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

მსგავსი თემები