“ვინ არის მართალი, ბერა თუ ანიტა?” – ბელა ბერკემერ-მახარაძე წყევლა-კრულვიან ქველმოქმედებაზე

ბერა ივანიშვილის მხრიდან ამაზონის ჯუნგლების გადასარჩენად განხორციელებული მილიონ დოლარიანი ქველმოქმედება ისევ ქილიკის, ლანძღვის თუ ქების საგანია. აღნიშნულ და ზოგადად,  ქველმოქმედებასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას, გერმანიაში მოღვაწე ცნობილი მევიოლინე ბელა ბერკემერ-მახარაძეც გამოხატავს და ამბობს, რომ ყველამ საკუთარ თავს ჰკითხოს თავად რა გაუკეთებია, რომ სხვის გაკეთებულ საქმეს აფასებს.     

„მედიაცენტრი მთავარი“ ბელა ბერკემერ-მახარაძის პოზიციას უცვლელად გთავაზობთ.

„ქ ვ ე ლ მ ო ქ მ ე დ ე ბ ა იგივე ირონია, წყევლა-კრულვა და რისხვა იმ რიგი ადამიანებისა, რომელთაც რატომღაც ჰგონიათ, რომ სწორედ ლანძღვითა და გინებით შენდება ქვეყანა და არა საქმით.

ვინ არის მართალი, ბერა თუ ანიტა? რომელი გახდება დღეს ჩემი დასაცინი, სალანძღავი ან თუნდაც დასაცავი??? არც ერთი და არც მეორე ძვირფასებო, ღმერთმა დამიფაროს, რადგანაც არსებობს ღმერთი, სიტყვა და საქმე!

“ენას ძვალი არ აქვსო” ნათქვამია და ეს ჩვენც კარგად ვიცით, მაგრამ სამაგიეროდ, გონება გაგვაჩნია და სანამ ვინმეს გადავუვლიდეთ. იქნებ დავფიქრდეთ და საკუთარ თავს შემდეგი კითხვა დავუსვათ: “შენ რაა ჩემო ბრძენო თავო, ვითომ უფრო მეტი რამ გაგიკეთებია სხვაზე? “

იცით? მახსოვს, ჯერ კიდევ ბავშვი გახლდით თავად, როდესაც სახლში კარადა გამოვაღე, უკანასკნელ პურს ხელი დავავლე და მეზობლად მყოფ იმ პატარა ბავშვის ოჯახს მივუტანე, რომელთაც მართლა უჭირდათ და მე თავად ასეთი ქმედებით, უბედნიერესი ბავშვი ვიყავი ამქვეყნად (მიუხედავად იმისა, რომ არც კი დავფიქრებულვარ, ჰქონდათ თუ არა ჩემს მშობლებს ამის საშუალება).

მახსოვს სტუდენტი ვიყავი და ეკონომიის გაკეთების მიზნით სულ მუდამ ფეხით დავდიოდი კონსერვატორიაში (ტრანსპორტში ფულის გადახდა მენანებოდა, რადგანაც ვიცოდი, რომ ჩემს მშობლებს ამის საშუალება არ ჰქონდათ), მაგრამ არასოდეს დამიტოვებია ხელგამოწვდილი, უსუსური მოხუცი, რომლებიც იმედის თვალით უყურებდა ყოველ გამვლელს და ჯიბეში მოხრიალე უკანასკნელი ხურდაც კი მიმიცია მათთვის და ამ ქმედებითაც მე, უბედნიერესი სტუდენტი გახლდით.

დღეს? ნუ აღარ დავიწყებ ხმამაღლა იმაზე საუბარს, თუ რას ვაკეთებ დღეს მე, რამდენ ადამიანს ვეხმარები და ვაბედნიერებ ჩუმად თუ უჩუმრად, რადგანაც ყოველი ასეთი ქმედება ჩემი და ჩემი მეუღლის მხრიდან, ჩვენი დიდი შრომის და ღამეების თენების ხარჯზე ხდება და უზომოდ მეტკინება გული, რომელიმე თქვენგანი, ამ ყველაფრის შემდეგ, ადგეს და ყელში დანა გამომისვას ან ტალახი მესროლოს.

და ბოლოს, ჩემო ძვირფასებო, ქველმოქმედება არის საქმე, რომელსაც ვერავის აიძულებ, ეს უბრალოდ უნდა შეგეძლოს.“

მსგავსი თემები