სასამართლომ „თიბისი ბანკის“ საქმეზე პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და „თიბისი ბანკის“ საქმეზე გენერალური პროკურატურის მიერ მოწვეული ექსპერტების დასკვნა საქმეს მტკიცებულებად არ დაურთო. 

რაც შეეხება პროკურატურის შუამდგომლობას, რომელიც ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატების თხოვნით მომზადებული დასკვნის დაუშვებლად ცნობას ეხებოდა, მოსამართლემ ის არ გაითვალისწინა. 

“სასამართლომ ე.წ. უცხოელი ექსპერტების დასკვნა მტკიცებულებათა ნუსხიდან ამორიცხა, რადგან ეს ადამიანები არიან უბრალოდ კონსულტანტები და სხვა სამართლებრივი დატვირთვა მათ ანგარიშს არ გააჩნია”, – ასე შეაფასა „თიბისი ბანკის” დამფუძნებელის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ მიღებული გადაწყვეტილება.

ადვოკატის თქმით, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ფულის გათეთრების განზრახვა არ ყოფილა.

„ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ ფული გადაირიცხა კონკრეტულ პირებთან, რომლებმაც წარმოადგინეს კონკრეტული ხელშეკრულებები თანხის აღების მიზნობრიობის – თიბისი ბანკის კაპიტალში შესატანად”, – განაცხადა კორძაძემ.

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის” საქმეზე გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აწარმოებს.

მსგავსი თემები