“აჭარიდან, კომპანიების უმრავლესობა, მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სექტორიდან მოგვმართავს” – ბიზნესომბუდსმენი

  •  

2019 წელს, ცხრა თვეში, ბიზნესომბუდსმენის აპარატში დარეგისტრირებული საქმეების 15 პროცენტი აჭარიდანაა.

როგორც ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, აჭარიდან, კომპანიების უმრავლესობა მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სექტორიდან მიმართავს ბიზნესომბუდსმენის აპარატს. მისი თქმით, ასევე, აქტიურია მიკროსაფინანსო და მომსახურების სექტორი.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, ბიზნესი რეგიონებში ძირითად შემთხვევებში მოქნილ ბიუროკრატიულ პროცედურებსა და საინვესტიციო შეთავაზებებს ითხოვს.

„თბილისის შემდეგ ბიზნესის მხარდაჭერისთვის ყველაზე ხშირად აჭარიდან მოგვმართავენ. უმრავლეს შემთხვევებში, საგადასახადო ადმინისტრირების და ბიუროკრატიული პროცედურების საკითხებზე მოგვმართავენ. ყველაზე ხშირად ადგილობრივ თვითმმართველობებთან შუამდგომლობას გვთხოვენ. სხვა რეგიონების მსგავსად, აჭარაშიც გამოწვევად რჩება რეგულაციები“, – განაცხადა ლექვინაძემ.

ბიზნესომბუდსმენის აპარატის ცნობით, 2019 წლის ცხრა თვეში აჭარის რეგიონში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან 98 შეხვედრა გაიმართა და ბიზნესომბუდსმენის ოფისში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან 36 საქმე დარეგისტრირდა. აჭარის რეგიონში ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი 2018 წლის სექტემბრიდან მუშაობს.

მსგავსი თემები