წელიწადში ერთხელ, „გაზის ქსელების“ შემოწმება სავალდებულო იქნება, საფასურის გადახდა კი მოსახლეობას მოუწევს

წლის განმავლობაში დაგროვილი უბედური შემთხვევებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, წლის ბოლომდე ახალი რეგულაციები ამოქმედდება, რომელიც მოსახლეობას გაზგაყვანილობის გამართულად მუშაობას დაავალდებულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯარიმო სანქციებს ვერ ასცდება.

როგორც ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, პირველი რეგულაცია, რაც სასწრაფო წესით ამოქმედდება, მოქალაქის მხრიდან დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, საქმეში პოლიციის ჩართვაა.

„ძირითადად, პრობლემები მაინც არის ძველ კორპუსებში. ახალში პრობლემა ნაკლებია, რადგან კორპუსს ისე არ იბარებენ, თუ იქ ყველა წესი დაცული არ არის. პირველ რიგში, რაც ყველაზე პირველი შევა ძალაში, ეს იქნება პოლიციის ჩართულობა ისეთ შემთხვევებთან დაკავშირებით, როცა მოქალაქე ცდილობს, თავი აარიდოს შემოწმებას, ან ნებაყოფლობით არ ხსნის კარს და სახლში არ უშვებს შესამოწმებლად მისულ ლიცენზიის მქონე ორგანოს; შემდეგი იქნება სანქციების თემა – მოქალაქეს, დაუმორჩილებლობისთვის ფინანსური სანქციები დაეკისრება. პირველად  – 50 ლარი, შედეგზე 100 ლარი და ა.შ. საჯარო დაწესებულებებისთვის ეს თანხა ორმაგდება და სამმაგდება; შემდეგ კი ძალაში შევა რეგლამენტი, რომლისთვისაც ბაზარი უნდა მომზადდეს“ – აღნიშნა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.

რაც შეეხება შემოწმებას, ის სავალდებულო იქნება ყველა პირისთვის და შემოწმების საფასურის გადახდაც თავად მოქალაქეს მოუწევს.

„შემოწმება იქნება კერძო პირის, მესაკუთრის ხარჯი. სამწუხაროდ, ამას ვერც ბიუჯეტი და ვერც რეგულირების საფასური გაუძლებს. ისევე როგორც ჩვენი საკუთრება ჩვენი მოსავლელია, წელიწადში ერთხელ,  ესეც იქნება მოქალაქის ხარჯი. სხვა არანაირი პრაქტიკა მსოფლიოშიც კი არ არსებობს.   ეს შემოწმება სავალდებულო იქნება ყველ წელს. სპეციალისტები წელიწადში ერთხელ უნდა მოიყვანოთ. გერმანიაში არსებობს პრაქტიკა, რომ წინა წელს გამოძახებული ინსპექტორი თავად გატყობინებთ, რომ ქსელის შემოწმების დრო ახლოვდება. ყველა მზად უნდა იყოს,  წელიწადში ერთხელ გამოიძახოს სპეციალისტი და შეამოაწმებინოს ქსელი“ – განუცხადა ენერგოომბუდსმენმა „მედიაცენტრ მთავარს.“

რაც შეეხება ტარიფებს, სალომე ვარდიაშვილი ფასებს ვერ ასახელებს და ამბობს, რომ ტარიფს ბაზარი დაარეგულირებს.   

შემოწმებას კი სპეციალური ინსპექტირების ორგანოები განახორციელებენ: „სამომავლოდ გვეყოლება ინსპექტირების ორგანოები. ინსპექტირების ორგანო იქნება კერძო დაწესებულება, მაგრამ აუცილებლად აკრედიტირებული სახელმწიფო ორგანოს მხრიდან. აქ დასაქმდებიან მხოლოდ ის პირები, ვინც გაივლიან სპეციალურ სკოლას და სწავლებას. მათი მენეჯმენტიც იქნება უმაღლესი განათლებით. ეს ორგანო შეამოწმებს და გასცემს შესაბამის სერთიფიკატს. შეუსაბამო სერთიფიკატი გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ქსელში რაღაც არ გაქვს რიგზე. სერთიფიკატში ეწერება რეკომენდაციებიც, როგორ უნდა მოიქცე, რა უნდა შეცვალო და რა უნდა გამოცვალო ქსელის კუთხით. მომავალში ეს ყველა საცხოვრებლისთვის სავალდებულო იქნება,” – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა “მედიაცენტრ მთავართან.”


მსგავსი თემები