“ოკუპაციას, სწრაფი პროგრესით გავცემთ პასუხს” – ქეთევან ციხელაშვილი

“საქართველოს ტერიტორიების მეტრობით დაჩეხვისას პროვოკაციული მოქმედებების მიზანი საზოგადოებაში უიმედობის, ესკალაციის, დესტაბილიზაციის წარმოქმნის სურვილია, რომელიც არ უნდა დავუშვათ”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განუცხადა სოფელ ატოცში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.

მინისტრის შეფასებით, მუდმივი პროვოკაციები საოკუპაციო ძალების მხრიდან დაძაბულობის შექმნაზეა გათვლილი.

„მუდმივი პროვოკაციები და ასეთი ეპიზოდები,როგორც ჩანს, გათვლილია იმაზე, რომ დაძაბულობა შეიქმნას და კალაპოტიდან ამოვვარდეთ. ამიტომ საპირისპირო უნდა გავაკეთოთ. თითოეულ ამ ეპიზოდზე რეაგირება და დეესკალაცია უნდა მოვახდინოთ, რაც პირველი რეაქცია და მთავარი ამოცანა იყო. ამის პარალელურად, ჩვენი განვითარების კურსი არ უნდა შევაფერხოთ, არც ერთი წუთით არ გადავუხვიოთ დემოკრატიული რეფორმებისა და ეკონომიკური გაძლიერების კურსიდან, რომელიც ქვეყანას აქვს. სახელმწიფო აქცევს და კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს როგორც ატოცს, ისე ნებისმიერ სოფელს, რომელიც არის მავთულხლართებით დახლეჩილი და დასერილი. ამ ხალხს გავაძლიერებთ, დევნილებს, კონფლიქტით დაზარალებულებს. ჩვენი სწრაფი პროგრესით გავცემთ ყველაზე ქმედით პასუხს ოკუპაციას”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მსგავსი თემები