ისევ გაზი – გურამიშვილის გამზირზე ძლიერი აფეთქება მოხდა

  •  

თბილისში, გურამიშვილის 30 ნომერში, ძლიერი აფეთება მოხდა. პირველადი ინფორმაციით, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად, მეოთხე სართული დაინგრა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.

საცხოვრებელ ბინებში მომხდარ აფეთქებებს ენერგოომბუდსმენი, სალომე ვარდიაშვილი არასწორად დამონტაჟებული გამათბობელს უკავშირებს.

ენერგო ომბუდსმენმა, სალომე ვარძელაშვილმა “მედიაცენტრ მთავართან” საუბრისას, მოსახლეობას მოუწოდა, ზამთრის დადგომამდე, შიდა ქსელები სერტიფიცირებულ სპეციალისტებს შეამოწმებინონ.

“ზოგიერთი მომხმარებელი მიმართავს თვითშემოქმედებას, რაც გულისხმობს იმას, რომ თვითონ დაამონტაჟოს გამათბობელი, დემონტაჟი გაუკეთოს, შეცვალოს და გადაანაცვლოს მილები ისე, რომ ამაში სპეციალისტები არ დაიხმაროს, ან დაიხმაროს ვითომ სპეციალისტები, რომლებმაც საქმე არ იციან. შიდა დაქსელვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს არ არის ის თემა, რომელიც უნდა გადავდოთ და ვთქვათ, რომ არაუშავს, როგორც გააკეთებენ გააკეთებენ ამით არაფერი დაშავდება,” – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.

კორპუსი ევაკუირებულია. როგორც ნაძალადევის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, კორპუსის მცხოვრებლებს ქირით გადაიყვანენ. 

შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები. ისინი სხვადასხვა კლინიკაში არიან მოთავსებულები. დაშავებულებს შორის ერთ-ერთ პაციენტს სხეულის 60 პროცენტი აქვს დამწვარი.

როგორც ექიმმა განაცხადა, 39 წლის მამაკაცის სასუნთქი გზების დამწვრობა აქვს და მისი მდგომარეობა უმძიმესია.

როგორც გურამიშვილის გამზირზე მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე აცხადებს, გუშინ მთელ უბანს გაუფრთხილებლად გამოურთეს გაზი, ამაზე კი “თბილისი ენერჯი” ინფორმირებული არ იყო.

“თბილისი ენერჯი” – მორჩით მანდ აბონენტებზე გადაბრალებას! – გურამიშვილზე გუშინ მთელ მაგ უბანს გაუფრთხილებლად გამოურთეთ გაზი და მანამ რეკვა არ დავიწყეთ, აზრზე არ იყავით რა მოხდა. მერე მესიჯები გადმოუგზავნეთ აბონენტებს, საღამოსკენ მოვა გაზიო, კი ვიფიქრე, რომ რაღაც უბედურება მოხდებოდა, რადგან გამორთე-ჩართე და მესიჯით დააგზავნე – ეგ არ არის გადაზღვევა და ახლა აგერ, ვიღვიძებ და მეზობელი კორპუსი აფეთქებული მხვდება! – ჰოდა, იქნება და წესიერად ჩაატაროთ გამოძიება და წესიერად აუნაზღაუროთ დაზარალებულ მოსახლეობას ზარალი, რომ აღარაფერი ვთქვათ ჯანმრთლობადაზიანებულ აბონენტზე, ახლა რომ იქით გინდათ აკიდოთ პასუხისმგებლობა”, – აცხადებს ლელა კურდღელაშვილი.

როგორც “მედიაცენტრ მთავარისთვის” გახდა ცნობილი, შემთხვევის ადგილას ენერგოომბუდსმენიც მიდის.

“დამატებით ინფორმაციებს ჯერჯერობით არ ვფლობ. ადგილის დათვალიერებისა და მოსახლეობასთან გასაუბრების შემდეგ მეტი მეცოდინება”, – განგვიცხადა სალომე ვარდიაშვილმა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

მსგავსი თემები