ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, მარიამ კუბლაშვილის მხრიდან მუქარას ვერ ხედავს

„ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ასათიანი არ იზიარებს ადვოკატთა ერთი ნაწილის პოზიციას, რომ მათი კოლეგა მარიამ კუბლაშვილი, მის მიერ გაკეთებული განცხადებებით არღვევს ეთიკურ სტანდარტებს. დავით ასათიანის შეფასებით, საკითხი ადვოკატთა ასოციაციის ერთიან ოჯახში უნდა განიხილონ. უფრო მეტიც, დავით ასათიანი ფიქრობს, რომ ნეგატიური კამპანია მიმდინარეობს იმ ადვოკატების წინააღმდეგ, ვინც რეზონანსულ საქმეებში მონაწილეობენ.       

გარდა ამისა,  „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ადვოკატებს შორის გამართულ საჯარო დისკუსიას სამწუხარო ფაქტად აფასებს.

„მედიაცენტრი მთავარი“ დავით ასათიანის პოზიციას უცვლელად გთავაზობთ:

„სამწუხაროდ გრძელდება იმ ადვოკატების მიმართ ნეგატიური კამპანია, რომლებიც მონაწილეობენ რამდენიმე რეზონანსულ საქმეში და იცავენ მძიმე დანაშაულში ბრალდებულთა ინტერესებს. საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვთხოვ, სწორად გააცნობიეროს ადვოკატის როლი, რაც ნებისმიერი ადამიანის სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვაში გამოიხატება და არა იმაში, რომ დამნაშავე არ დაისაჯოს, თუკი სამართლიანი პროცესის შედეგად დადგინდება პირის ბრალეულობა. ასევე დაუშვებელია კლიენტთან ადვოკატის იდენტიფიცირება.

უფრო სამწუხაროა, კოლეგებს შორის გამართული საჯარო დისკუსია მიმდინარე საქმეებზე ადვოკატების გამონათქვამებთან დაკავშირებით. ეს ნამდვილად არ უწყობს ხელს კოლეგიალობის პრინციპებისა და პროფესიული ერთიანობის გაძლიერებას. ამიტომ, მესმის რომ შეიძლება არ მოგვწონდეს რომელიმე კოლეგის პოზიციონირება, თუ რაიმე საჯარო განცხადება, მაგრამ მოგიწოდებთ პატივი ვცეთ ერთმანეთის პროფესიულ თავისუფლებასა და გამოხატვის უფლებას. თუ მაინც ადგილი ექნება კოლეგებს შორის რაიმე გაუგებრობას და კონფლიქტს ეს საკითხები უნდა გადავწყვიტოთ ასოციაციის ერთიან ოჯახში, რისთვისაც არსებობს პროფესიული თვითრეგულირების მექანიზმი და ასევე აღმასრულებელი საბჭოს მხრიდან მედიაციის შესაძლებლობა.

პირადადაც მზად ვარ შევასრულო მედიატორის ფუნქცია, რათა პროფესიული ინტერესების შესაბამისად, დავარეგულიროთ არსებული თუ მომავალი კონფლიქტები კოლეგებს შორის. გვახსოვდეს, რომ ერთიან და ძლიერ საადვოკატო პროფესიას ალტერნატივა არ გააჩნია, თუ გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში შედგეს სამართლიანი მართლმსაჯულება“ – აცხადებს დავით ასათიანი.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება საკრებულოს წევრის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატ მარიამ კუბლაშვილს, რომელმაც თამთა თოდაძე, რომელიც ილია ჯიშკარიანს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს, არაერთგზის, შეურაცხმყოფლად მოიხსენია. აღნიშნა, რომ ის სვამდა, იყო ნასვამი, რომ მსგავს ქმედებებში არაერთხელ არის შემჩნეული. ასევე, თოდაძე, მის ადვოკატთა ერთად დებატებში გამოიწვია და “პრაიმ ტაიმთან” ინტერვიუში შემდეგი სიტყვებით მიმართა: “ქალი არც ნაცემი არ არის, ხელებზე აქვს ნაჩხაპნები და ვერ გაურკვევია სად მიიღო ეს ნაჩხაპნები… მე ქალი ვარ, მაგას დავამთავრებ და დავასამარებ სამუდამოდ”.

მარიამ კუბლაშვილის მსგავს განცხადებებს ადვოკატთა ნაწილი გამოეხმაურა. მათ „ადვოკატთა ასოციაციას“ საჯარო განცხადებით მიმართეს და მოუწოდეს, შეესწავლათ, ხომ არ გვაქვს საქმე ეთიკის ნორმების დარღვევასთან.

დავით ასათიანს „მედიაცენტრი მთავარიც“ ესაუბრა, სადაც მან აღნიშნა, რომ მარიამ კუბლაშვილის განცხადებებს კარგად არ იცნობდა. ასევე გვითხრა, რომ ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატის საქმეზე მოკვლევას საჩივრის გარეშე ვერ დაიწყებს. არადა, ყველას კარგად ახსოვს, რამდენიმე დღის წინ ადვოკატ პაატა შავაძის „პოსტი“, სადაც მან დაზარალებული თამთა თოდაძე შეურაცხმყოფლად მოიხსენია.  მართალია, ამ შემთხვევაში, შავაძის წინააღმდეგ „ადვოკატთა ასოციაციაში“ საჩივარი არ შესულა, თუმცა, ასოციაციის თავმჯდომარემ სხვა სტანდარტის იხელმძღვანელა და შავაძის საკითხს ოპერატიულად გამოეხმაურა და მის ქმედებას შეუფერებელი უწოდა და მას გაემიჯნა.

„მსურს გამოვეხმაურო ასოციაციის ზოგიერთი წევრის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ შეუფერებელ განცხადებებს. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ადვოკატთა ასოციაცია აერთიანებს 5000-მდე თავის საქმიანობაში დამოუკიდბელ წევრს, რომელთაც გააჩნიათ სხვადასხვა მსოფლმხედველობა, ფასეულობები და შეხედულებები გარკვეულ საკითხებთან მიმართებით. შესაბამისად, ამა თუ იმ წევრის მიერ გაკეთებული განცხადება არ შეიძლება გაიგივებულ იქნას ადვოკატთა კორპუსის პოზიციასთან.

მოვუწოდებ ასოციაციის თითოეულ წევრს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ საზოგადოებისთვის მგრძნობიარე საკითხებთან დაკავშირებით გაკეთებულ საჯარო განცხადებებს, რადგან თუნდაც ერთი ადვოკატის არაკორექტული მოქმედება დიდ ზიანს აყენებს კოლეგების რეპუტაციას და სრულიად იურიდიული პროფესიის იმიჯს, რომლის შემდგომ გაუმჯობესებაზე ასოციაცია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ასოციაცია დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საზოგადოებრივად მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე წევრთა ცნობიერებისა და მგრძნობელობის ამაღლების პროცესს და ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება არაერთი აქტივობა ამ მიმართულებით, მათ შორის ტრენინგები და სამუშაოდ შეხვედრები. ეს გასავლელი გზა არ არის იოლი, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით აუცილებლად მივაღწევთ სასურველ შედეგს“ – ეს განცხადება დავით ასათიანმა პაატა შავაძის მისამართით გააკეთა მაშინ, როცა „ადვოკატთა ასოციაციაში“ არანაირი საჩივარი არ შესულა.

მსგავსი თემები