თურქეთის პრეზიდენტმა, ტრამპის წერილი ნაგავში მოისროლა

BBC-ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წერილი “ნაგვის ყუთში” ჩააგდო.

როგორც BBC- ს წერს, მათ სანდო წყარომ განუცხადა, რომ წერილი “საფუძვლიანად უარყო” თურქეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, 9 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს წერილი მისწერა და სირიაში სამხედრო ოპერაციის შესაძლო შედეგებზე გააფრთხილა.

9 ოქტომბრით დათარიღებული წერილი თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ანკარამ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია სწორედ 9 ოქტომბერს დაიწყო. წერილში აშშ-ის პრეზიდენტი ცდილობდა, გადაერწმუნებინა რეჯეფ თაიფ ერდოღანი სირიაში შეჭრისგან.

ოპერაციის დაწყების გეგმის შესახებ ერდოღანმა დონალდ ტრამპს 6 ოქტომბრის სატელეფონო საუბრის დროს აცნობა.

„მოდი, გამოვიმუშავოთ კარგი შეთანხმება! თქვენ არ გსურთ, იყოთ პასუხისმგებელი ათასობით ადამიანის განადგურებაზე და მეც არ მსურს, ვიყო პასუხისმგებელი თურქეთის ეკონომიკის განადგურებაზე, თუმცა მე ვიქნები! მე უკვე გაჩვენე მცირე მაგალითი, როგორც ეს პასტორ ბრენსონის შემთხვევაში მოხდა“, – წერს ტრამპი წერილში.

გზავნილში აშშ-ის პრეზიდენტი ასევე ეუბნება ერდოღანს, რომ ქურთთა დაჯგუფების „სირიის დემოკრატიული ძალების“ მეთაური გენერალი მაზლუმ ქობანი აბდი მზად არის მოლაპარაკებებისთვის და გარკვეული დათმობისთვის.

„ისტორია მოწყალე იქნება შენ მიმართ, თუ ამას სწორად და ჰუმანურად გააკეთებ. მისთვის შენ მუდმივად დარჩები ეშმაკად, თუ კარგი ამბები არ მოხდება. ნუ იქნები უხეში, ნუ იქნები სულელი!“ – მიმართავს დონალდ ტრაპი ერდოღანს.

აშშ-ის ხელისუფლების მტკიცებით, ვაშინგტონს თურქეთისთვის სირიაში ოპერაციის დასაწყებად „მწვანე შუქი“ არ აუნთია.

მსგავსი თემები