თბილისის ზღვაზე, უკანონო დაერთების ფაქტზე, ერთი პირი დაჯარიმდა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის ზღვაზე ადგილი აქვს უკანონო დაერთებებს და მუნიციპალიტეტმა მსგავსი ფაქტების აღმოფხვრაზე მუშაობა უკვე დაიწყო.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ყოველდიღურად ხდება სასმელი წყლის შემოწმება და მოსახლეობა დაცულია.

„სამწუხაროდ, არის ადგილები, სადაც ხდება ფეკალიების ჩადინება, სანიაღვრე ქსელები პირდაპირ არის დაერთებული, რაც ძალიან მძიმე ფაქტია. წინა სხდომაზე აღნიშნული საკითხის შესწავლა მუნიციპალურ ინსპექციას დავავალეთ, რასაც ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე კურირებს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ სასმელ წყალს არანაირი პრობლემა არ აქვს. ამასთან დაკავშირებით, კომპანია „ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერმაც“ (GWP ) გააკეთა განცხადება. ყოველდღიურ რეჟიმში და დღეში რამდენჯერმე ხდება სინჯების აღება, ფილტრაცია და წყალი, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას მიეწოდება, აკმაყოფილებს იმ ნორმებს, რომელიც სტანდარტით არის გათვალისწინებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის ზღვის დაბინძურებასთან დაკავშირებით, ვიცე-მერმაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ უკანონო დაერთების ფაქტზე უკვე გამოვლინდა ერთი იურიდიული პირი, რომელიც უკვე დაჯარიმდა, გარემოს დაცვის სამინისტრო კი მას შესაბამის სანქციას დააკისრებს.  

მსგავსი თემები