ხვალ, „პიქსელის“ შენობიდან არაყიშვილის ქუჩამდე, საგზაო მოძრაობა აღდგება

ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე, ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება მიმდინარეობს. ასფალტი იგება, „პიქსელის“ შენობიდან არაყიშვილის ქუჩამდე არსებულ 4500კვ. მ  მონაკვეთზე. 

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირზე, „პიქსელის“ შენობიდან არაყიშვილის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა, დაპირებისამებრ, 16 ოქტომბრიდან აღდგება. 

“ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ 16 ოქტომბრიდან უკვე შესაძლებელი იქნებოდა ავტომობილებით გადაადგილება. ეს არის „პიქსელიდან“ არაყიშვილისა და რამიშვილის ქუჩების კვეთამდე არსებული მონაკვეთი. ამ მონაკვეთში მიმდინარეობს ასფალტის ქვედა ფენების მოწყობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამუშაოები ამ ფენის დაგებით სრულდება. პარალელურად, გავაგრძელებთ პროექტით გათვალისწინებულ  სხვა სამუშაოებს“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

სრული სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს 2.5 კილომეტრს. პროექტის ფარგლებში იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და საერთო ჯამში 60 000 მ2 ფართობზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი. 

გარდა ამისა, მოეწყობა ბორდიურები, მოპირკეთდება ტროტუარი, მოეწყობა საველოსიპედე სავალი ნაწილი, ტროტუარის გასწვრივ კი დამონტაჟდება  მოაჯირები და – ბოძკინტები. გამზირი სრულად ადაპტირდება შშმ პირთათვის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების და დიზაინის ლედ განათების სისტემა. ასევე, დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები და თანამედროვე დიზაინის მოსასვენებელი სკამები. მოეწყობა ახალი გაჩერებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლი. 

სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „ჯეუ გრუპი“ განახორციელებს. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 000 000 ლარი დაიხარჯება.



მსგავსი თემები