წაღვერში სანიტარული ჭრები მიმდინარეობს

დაბა წაღვერის მიმდებარედ, 60 ჰა ფართობზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სანიტარულ ჭრებს ახორციელებს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ჭრაში ინიშნება ისეთი ხეები, რომელთა ადგილზე დატოვება განაპირობებს მავნებელ-დაავადებების გავრცელებას.

ეროვნული სატყეო სააგენტო სანიტარული ჭრების პარალალურად, ჭრაგავლილი ფართობების აღდგენის ღონისძიებებსაც ახორციელებს.

“სამცხე-ჯავახეთის ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებულ ნაძვნარ კორომებში მასიურადაა გავრცელებული მავნებელი-მბეჭდავი ქერქიჭამია (Ips typographus), რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში შემოყვა შემოტანილ ხე-ტყეს და საგრძნობლად დააკნინა ტყეების ხარისხი.

სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე (ახალციხის, ასპინძა-ახალქალაქის, ადიგენის, ბორჯომისა და ბაკურიანის ტყეებში), 26000 ჰა ფართობზე,  ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 2011 წელს განხორციელდა ტყეებში მავნებლის გავრცელების შესწავლა. მიღებული დასკვნების საფუძველზე დაიგეგმა ბრძოლის ღონისძიებები. 2013 წლიდან მთელ ტერიტორიაზე ხდება ფერომონიანი მწერმჭერების განთავსდა, მუდმივად ტარდება მონიტორინგი, მწერმჭერებში მავნებლის შეგროვება და განადგურება. სულ 2013-2019   წლებში დაჭერილი და განადგურებული იქნა 15 მილიონამდე ქერქიჭამია. აღნიშნული ღონისძიება გაგრძელდება 2020  წელსაც”, – ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები