თბილისის მერია, მეტროს ვაგონების 40 შემადგენლობის შესყიდვას გეგმავს

დედაქალაქის მერია თბილისის მეტროსთვის ვაგონების დამატებას აპირებს. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, ბოლო პერიოდში მეტროში მგზავრების რაოდენობა გაიზარდა, პიკის საათებში კი, აღნიშნული საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადატვირთულია.

მისი განცხადებით, რეაბილიტაცია უტარდება ყველა შემადგენლობას, რომელიც შეკეთებას ექვემდებარება. აგრეთვე, 40 შემადგენლობაზე შესყიდვა უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

„მეტროში პიკის საათებში ყოველთვის იყო ეს პრობლემა. ლოდინის დრო, რომელიც ოთხი, ოთხ-ნახევარი წუთი იყო, ახალი შემადგენლობების დამატების შემდეგ ჩამოვიდა სამ წუთზე, ორ-ნახევარზე, თუ რამე შეფერხება და პრობლემა არ აქვს. თუ შეფერხება და პრობლემაა, რა თქმა უნდა, უფრო დიდი ხანი უწევთ ლოდინი. ზოგადად, გაზრდილია მოთხოვნა მეტროს მიმართ ბოლო წლების განმავლობაში. სტატისტიკას თუ ვნახავთ, მგზავრების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, დედაქალაქის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ განაახლოს მეტრო, ასევე, შემოიყვანოს ახალი ავტობუსები.

„ეს პროცესი დაწყებულია და, როდესაც დასრულდება მთლიანად რეფორმა, დარწმუნებული ვარ, ყველა იქნება ბედნიერი იმ განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით, გვეყოლება ახალი ავტობუსები. რაც შეეხება მეტროს შემადგენლობებს, ​რეაბილიტაციას ვუტარებთ ყველა შემადგენლობას, რომელიც ექვემდებარება შეკეთებას, რომელზეც ვერ ვახერხებთ, უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ ახალ შესყიდვებს, დაახლოებით 40 შემადგენლობაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები