ირაკლი ზარქუა პარლამენტის წევრობაზე უარს ამბობს, ის ზარდიაშვილს არ ჩაანაცვლებს

„მივიღე გადაწყვეტილება, დავრჩე საკრებულოში და ამ ეტაპზე, უარი ვთქვა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე“ – ეს განცხადებათბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუამ გააკეთა. მას არ სურს, საქართველოს პარლამენტში ვანო ზარდიაშვილი ჩაანაცვლოს.

როგორც ირაკლი ზარქუამ განაცხადა, მისთვის პარლამენტის წევრობა დიდი პატივი და გამოწვევაა, თუმცა ამ ეტაპზე საკრებულოში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.

„დაახლოებით ერთი თვის წინ, საკრებულოს უმრავლესობამ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ამირჩია. მე გამაჩნია გარკვეული პასუხისმგებლობა, აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, დავრჩე საკრებულოში და ამ ეტაპზე, უარი ვთქვა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე. თუმცა, ამავე დროს, მინდა განვაცხადო, რომ მმართველი გუნდის წევრები ვინ რა პოზიციაზეც არ უნდა ვიყოთ, ჩვენი მუშაობით ვცდილობთ, როგორც მუნიციპალიტეტის დონეზე, ასევე ქვეყნის მასშტაბით, გარკვეული დადებითი როლი შევასრულოთ ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში. ამ მისიას მე ამ ეტაპზე საკრებულოში ვხედავ,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ზარქუას პარლამენტში შესვლის საკითხი დღის წერიგში მას შემდეგ დადგა, რაც პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვა.

მსგავსი თემები