ადვოკატები დაკავებული ადვოკატების გათავისუფლებას ითხოვენ

თემქაზე, წამებით მოკლული ახალგაზრდა გოგონას, ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ლადო – გრიგალაშვილის ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი დაკავებულია, მისი კოლეგები კი პოლიციის მთავარ სამმართველოსთან შეიკრიბნენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ.

ადვოკატების ინფორმაციით, მათი კოლეგის გათავისუფლება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.

ადვოკატის დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა და მას 373-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან, რომელიც გულისხმობს ცრუ დასმენას ანგარებით ან პირადი მოტივით.

სავარაუდოდ, საქმე, 20 წლის გოგონას  გახმაურებულ მკვლელობას ეხება, სადაც ადვოკატი ოტიაშვილი მკვლელობისთვის ბრალდებულს იცავდა. მაშინ, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა მოკლული გოგონას მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა, რის გამოც, მას გოგონას ოჯახმა უჩივლა.

შეგახსენებთ, რომ ანა ნაცვლიშვილი გასული წლის 22 თებერვალს, საკუთარმა შეყვარებულმა მოკლა. ლადო გრიგალაშვილმა მას 33 ჭრილობა მიაყენა. მკვლელს უვადო პატიმრობა მიესაჯა.

დაკავებული ადვოკატის კოლეგები აცხადებენ, რომ ნაირა ოტიაშვილი უდანაშაულოა და მისი გათავისუფლება უნდა მოხდეს.

ადვოკატების განცხადებით, ხვალ ნებისმიერ მათგანს საფრთხე ემუქრება, ამიტომ ყველა ადვოკატს მოუწოდებენ წინასწარი დაკავების იზოლატორთან შეიკრიბონ.

მსგავსი თემები