“ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ქვეყანას ტერიტორიები არ დაუკარგავს” – ირაკლი ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ერთადერთია, რომლის მმართველობის პირობებშიც ქვეყანას ტერიტორიები არ დაუკარგავს”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვებიდან 7 წლისთავზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში არის სტაბილური და მშვიდობიანი მმართველობა, რაც უპრეცედენტოა.

„პირველი პრეცედენტი დაიშვა ჩვენი ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის პერიოდში, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ დაკარგა ტერიტორიები. ჩვენმა წინამორბედმა ვერ აარიდა, სახელმწიფოს ისეთი დიდი ტრაგედია და განსაცდელი, როგორიც ძვირფასი ტერიტორიების დაკარგვაა.

პირველი ოქტომბერი არის ისტორიული თარიღი. ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული გამარჯვება ძალადობასა და უგუნურობაზე. ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით და ლიდერობით, ქართველმა ხალხმა უარი უთხრა მოძალადე რეჟიმს. ჩვენი იდეა არის უცვლელი- დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, რომელსაც ვადგავართ პირველი ოქტომბრიდან. რა თქმა უნდა, შეცდომები და გადაცდომები იყო, მაგრამ ვინც არ მუშაობს შეცდომებს არ უშვებს. რაც მთავრია ჩვენ ვხედავთ შეცდომებს, ვაანალიზებთ და მივდივართ წინ, ყოველგვარი ზედმეტი გართულებების გარეშე. იმ მმართველებს, რომლებმაც ისეთი დიდი უბედურება ვერ აგვაცილეს, როგორიც ტერიტორიების დაკარგვაა, პოლიტიკაში დარჩენის შესაძლებლობის არავითარი მორალური სამართლებრივი უფლება არ უნდა დავუტოვოთ. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია. რა თქმა უნდა, თუ ამას დავამატებთ ყველა იმ უბედურებას, რომელიც მათი ხელისუფლების დროს მოხდა. მიმაჩნია რომ ყველაზე დიდი შეცდომა ეს არის ტერიტორიების დაკარგვა, რომელიც მათ ვერ ააცილეს ჩვენ ქვეყანას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

მსგავსი თემები