მოსწავლემ მასწავლებელი კიბეზე დააგორა – ინციდენტი რუსთავის ერთ-ერთ სკოლაში

რუსთავის მე-5 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი, ნანა წიქარიშვილი მე-6 კლასელ მოსწავლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. პედაგოგის მტკიცებით, გოგონამ მას ხელი კრა და კიბეებზე დააგორა.

შემთხვევის შედეგად მასწავლებელი ტვინის შერყევით კლინიკა „რუსთავში“ მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დაშავებული ამ დრომდე რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

მოსწავლის დედა ბრალდებას უარყოფს და პედაგოგს ძალადობაში თავად ადანაშაულებს. მისი თქმით, მასწავლებელმა მისი შვილი ჯერ კიდევ აპრილში ცემა, რის შედეგადაც გოგონა დღესაც ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფება.

ფაქტზე ამ დროისთვის შესაბამისი უწყებების მიერ მოკვლევა მიმდინარეობს.

საქართველოს ზოგადი განათლების კანონის მიხედვით, დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის, მასწავლებლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მსგავსი თემები