ვაკეში მაღაზიებში ნიაღვარი შევარდა, ინვენტარი კი წყალში ცურავს (ვიდეო) 

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, ამ წუთებში რთული ვითარებაა. მიწისქვეშა გადასასვლელის ქვეშ, მაღაზიები დატბორილია, ინვენტარი კი წყალში ცურავს. მიწის ქვეშ მოვაჭრეები თავიანთ ზარალზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩდნენ.

„პიქსელის“ წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში, წყლის ნაკადი გამთენიისას შევარდა. ადგილზე მისულ დასაქმებულებს, როგორც  მიწისქვეშა გადასასვლელი, ისე მაღაზიები დატბორილი დახვდათ.

„მას შემდეგ, რაც ჭავჭავაძის გამზირი გადათხრილია, მუშაობა საერთოდ არ გვაქვს, აქ წვრილი ნივთების მაღაზიაა, საკანცელარიო და მსგავსი, შესაბამისად, დიდ თანხებზე არც გვაქვს საუბარი, ელემენტარულს ვშოულობდით. რადგანაც ჭავჭავაძე გადათხრილია, მოძრაობა არ არის და შესაბამისად, ზაფხულიდან დღემდე, ქირის გადასახდელ თანხასაც ვერ ვშოულობთ და ისედაც ძალიან ვზარალდებით. მეპატრონე ქირის განახევრებაზეც არ მოდის, მერიას და გამგეობასაც ვთხოვეთ იქნებოდა უ არა შესაძლებელი მეპატრონეებთან დალაპარაკება, რომ ქირა მაინც გაენახევრებინათ, რადგანაც მაღაზიები თითქმის დაკეტილია, უარი მივიღეთ, რადგანაც კერძო საკუთრებაა და ვერ ჩავერევითო“ – აცხადებენ მიწის ქვეშ დასაქმებულები.

აღნიშნულმა სტიქიამ მათი ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა, რადგანაც ინვენტარი წყალმა დააზიანა.

ისინი იმაზეც წუხან, ისიც არ იციან, როდემდე უნდა გადავარდნენ ვალებში და როდემდე იქნება ჭავჭავაძის გამზირი გადათხრილი, თუმცა, არ გამორიცხავენ, დატბორვა სწორედ მიმდინარე სამუშაოებიდან მოვარდნილმა ნიაღვარმა გამოიწვია.

„ჭავჭავაძეზე, ჩვენს გარშემო, იცით, რომ სამუშაოები მიდის დიდი დიდი ორმოებია ამოთხრილი. მთელი ჭავჭავაძის კომუნიკაციები სწორედ აქ გადის. ეს ორმო, რომელიც აქ ამოთხარეს, თითქმის 8 მეტის სიგრძისაა, და უზარმაზარი სანიაღვრე მილი ღიად არის დატოვებული და ჩაგდებულია ორმოში. ეს ორმო ჩვენს გარშემო, აივსო წყლით და ჩამოვიდა მიწისქვეშა გადასასვლელში. შედეგად მივიღეთ ის, რაც გვაქვს. ისედაც ზარალში ვიყავით და ახლა კიდევ უფრო დავზარალდით“ – აცხადებენ დასაქმებულები “მედიაცენტრ მთავართან”. (ვიდეო)

ისინი თბილისის მერიას სთხოვენ, რომ გათვალისწინონ მათი მდგომარეობა. ასევე, ჰქონდეთ კომუნიკაცია ფართის მეპატრონეებთან, რომ გარკვეული შეღავათი გაუწიონ.

„მთელი ზაფხული გავწამდით, საერთოდ არ არის ხალხის ნაკადი, რადგანაც ჭავჭავაძის გამზირი გადათხრილია და მიმდინარეობს სამუშაოები. ჩვენ ეს გვესმის, თუმცა, ხომ შეიძლება სოლიდარობა ფართის მეპატრონეებსაც ჰქონდეთ და მცირედი შეღავათი მაინც გაგვიწიონ, რაც ქირის განახევრებას გულისხმობს მანა, სანამ ჭავჭავაძეზე მოძრაობა არ აღდგება“ – აცხადებენ დაზარალებული დასაქმებულები “მედიცენტრ მთავართან”.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, მიწისქვეშა გადასასვლელი დაიტბორა.

მსგავსი თემები