“წლის ბოლომდე ლარი დაიწყებს გამყარებას“ – ფინანსთა მინისტრი

“ხელისუფლების მიერ განხორციელებული ფისკალური პოლიტიკა არანაირად არ უწყობს ხელს ლარის გაუფასურებას, ეს არის მცდარი მოსაზრება”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ლარის გაუფასურება, შიდა პოლიტიკურმა და საგარეო ფაქტორებმა გამოიწვია.

„ჩვენი ფისკალური დავალიანება არის დაგეგმილის ფარგლებში, ჩვენი ხარჯვა არის ძალიან პასუხისმგებლიანი ხარჯვა, შესაბამისად, ამ მხრივ ლარზე ზეწოლა არ არის. თუმცა არაერთხელ ვთქვით, იყო სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის საგარეო, შიდა პოლიტიკური ფაქტორები, რამაც ეს გამოიწვია. მჯერა, ნაბიჯები, რაც ბოლო პერიოდში გადაიდგა, დღეს ინტერვენციაც განხორციელდა ეროვნული ბანკის მიერ, ეს ყველაფერი ერთობლიობაში თავის ნაყოფს გამოიღებს და არამარტო დაასტაბილურებს, არამედ წლის ბოლომდე ლარი დაიწყებს გამყარებას“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, აღნიშნული პროცესი რამდენიმე თვე გაჭიანურდება, თუმცა, ლარის მიმართ პროგნოზები და მოლოდინები არის პოზიტიური და ნერვიულობის მიზეზი არ არსებობს.

მსგავსი თემები